ლოკოს ხუთი გოლი და სამი ქულა ქუთაისიდან

ლოკოს ხუთი გოლი და სამი ქულა ქუთაისიდან
01/12/2020

ლოკოს ხუთი გოლი და სამი ქულა ქუთაისიდან

ეროვნული ლიგის მე-17 ტურში, კორონავირუსის გამო განახევრებული შემადგენლობით მოთამაშე ლოკომოტივმა, ქუთაისში ტორპედო 5:1 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს კიდევ უფრო მიუახლოვდა.

 

გიორგი ჭიაბრიშვილის ფეხბურთელებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრეს. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის პირველივე წუთზე, მჭედლიშვილის შეცდომით ფანცულაიამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა, ლოკომოტივი დასახულ გეგმას მიჰყვა და საბოლოოდ, ბრწყინვალე შედეგსაც მიაღწია.

 

ლოკომოტივმა მეტოქეს მკაცრი პრესინგი შესთავაზა. ჭიაბრიშვილის ფეხბურთელები მეტოქეს მოედნის ყველა მონაკვეთზე „გუდავდნენ“და წინსვლის საშუალებას არ აძლევდნენ.  არანაკლებ კარგად, თბილისელები ართმევაზეც თამაშობდნენ.

 

ამ ყველაფერმა, შედეგი 22-ე წუთზე გამოიღო, როცა ქუთაისელთა კარში ლოგიკური გოლი გავიდა. ანდრონიკაშვილის ჭკვიანური, ძალიან კარგი გადაცემის შემდეგ, თორნიკე კირკიტაძემ საჯარიმოში გავაშელიშვილს გადააწოდა და მამიასაც ანგარიშის გათანაბრება არ გასჭირვებია.

 

ამის შემდეგ, კირკიტაძემ ორჯერ ირაკლი სიხარულიძეს გაატანინა და საბოლოოდ, ანგარიშზე 3 საგოლე პასი ჩაიწერა. 32-ე წუთზე, ლოკოს საუკეთესო ბომბარდირმა, თავისი გუნდი წინ ეფექტური გოლით გაიყვანა. გუნდები შესვენებაზე ამ ანგარიშით გავიდნენ.

 

მეორე ტაიმიც თბილისელთა სრული უპირატესობით წარიმართა. 49-ე წუთზე, სიხარულიძემ დუბლი შეასრულა. ზუსტად 20 წუთში, თანაგუნდელს გავაშელიშვილიც შეუერთდა და დარცმელიას პასის შემდეგ, მანაც დუბლი გაიფორმა. შეხვედრაში წერტილი ულად ომარ იმრანმა დასვა და მეტოქის საჯარიმოში ტექნიკური დრიბლინგის შემდეგ, შოვნაძის კარში მეხუთე ბურთი გაიტანა.

 

გარდა იმისა, რომ ლოკოს ფეხბურთელებმა პირადი სტატისტიკაც გაიუმჯობესეს და ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩის წინ მშვენიერი განწყობა შეიქმნეს, ტორპედოსთან მატჩში კიდევ ერთი სასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა: 75-ე წუთზე, მოედანზე შეცვლაზე ირაკლი ჭიაბრიშვილი შევიდა და ეს იყო მისი პირველი ოფიციალური მატჩი ლოკომოტივის ძირითად გუნდში.

 

 

 

ტორპედო 1:5 ლოკომოტივი (1:2)

 

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, ანდრონიკაშვილი, მჭედლიშვილი, კაპანაძე, უბილავა (C), ძებნიაური (ქველაძე 73), დარცმელია, იმრანი, თ.კირკიტაძე, გავაშელიშვილი (შეყილაძე 74), სიხარულიძე (ჭიაბრიშვილი 75)

 

გოლები: გავაშელიშვილი (22, 69), სიხარულიძე (32, 49), იმრანი (71)

 

მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი  

more news