მარცხი დინამო თბილისთან

მარცხი დინამო თბილისთან
08/11/2020

მარცხი დინამო თბილისთან

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის გადადებული მატჩი 8 ნოემბერს, მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართა და ლოკომოტივმა დინამო თბილისს უმასპინძლა.

 

ტრავმების გამო, ლოკომოტივს დავით სამურკასოვი და ნიკა ჭანტურია ვერ ეხმარებოდნენ. გიორგი მამარდაშვილმა და ნიკა სანდოხაძემ კი, იჯარის წესის გამო ვერ ითამაშეს, რადგან ორივე ეს ფეხბურთელი დინამოს საკუთრებაა.

 

მატჩს ორივე გუნდისთვის დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა. შესაბამისად, საწყის წუთებში, ფეხბურთელები ზედმეტ რისკზე წასვლას ერიდებოდნენ. კარში პირველად ბექა დარცმელიამ, მე-11 წუთზე დაარტყა, როცა საჯარიმოს ხაზთან ეფექტურად დატრიალდა და მეურვე მცველიც ჩამოიტოვა. თუმცა, ლოკოს საყრდენის დარტყმა სუსტი იყო და კვასხვაძეს პირდაპირ ხელებში მიუვიდა.

 

მომდევნო 10-წუთიანი მონაკვეთი, უკვე სტუმართა უპირატესობით წარიმართა. ლოკომოტივის ფეხბურთელებს ბურთის შეტევაში ამოტანა უჭირდათ და თამაში, ძირითადად, მასპინძელთა ნახევარზე მიმდინარეობდა.

 

ტაიმის ბოლო 15-წუთიანი მონაკვეთი კი, ლოკომოტივი ბევრად უკეთ გამოიყურებოდა. ჭიაბრიშვილის ფეხბურთელები დიდხანს ამზადებდნენ პოზიციურ შეტევებს, თუმცა, რეალურ სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მისულა. 43-ე წუთზე კი, დინამო კვასხვაძის თავგანწირულმა თამაშმა გადაარჩინა. ირაკლი სიხარულიძის ტექნიკურად დარტყმული დინამოს მეკარემ კუთხურზე მოიგერია. პირველ ტაიმში, ეს იყო ბოლო სახიფათო მომენტი და დამატებული წუთის შემდეგ, არბიტრმა გუნდები შესვენებაზე გაუშვა.

 

მეორე ტაიმის დასაწყისშივე, თორნიკე კირკიტაძემ ფლანგზე ყველას და ყველაფერს ჩაუქროლა და მეკარესთან ერთი-ერთზეც დარჩა, თუმცა, მახვილი კუთხიდან ზუსტი დარტყმა არ გამოუვიდა და ბურთი კვასხვაძემ მოიგერია.

 

70-ე წუთზე, იმრანის ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ, თავით ირაკლი სიხარულიძე ურტყამდა და დინამო გაშვებულ გოლს კვასხვაძემ, ბრწყინვალე ნახტომით გადაარჩინა. დინამო შეტევაში წამოვიდა და ამჯერად, უკვე ლუკა შეროზიამ იხსნა თავისი გუნდი. კუციას ახლო მანძილიდან დარტყმული, ლოკოს კარის დარაჯმა სასწაულად მოიგერია.

 

დინამო თბილისი 77-ე წუთზე დაწინაურდა. კონტრშეტევა გოლით დავით სხირტლაძემ დაასრულა. ლოკომოტივს თამაშის გადასარჩენად ცოტა დრო დარჩა. თუმცა, გატანის ნაცვლად, გოლი კვლავ ჩვენს კარში გავიდა და თავი კვლავ დავით სხირტლაძემ გამოიჩინა.

 

ლოკომოტივი შეტევაში დიდი ძალებით გადავიდა. ჭიაბრიშვილის ფეხბურთელები ფლანგებიდან საჯარიმოში ჩაწოდებას ცდილობდნენ, თუმცა, ამას შედეგი არ მოუტანია და სამწუხაროდ, მეტად საჭირო ქულები დავკარგეთ.

 

 

 

 

ლოკომოტივი 0:2 დინამო თბილისი (0:0)

 

ლოკომოტივი: შეროზია, გურეშიძე, ანდრონიკაშვილი, გაბაძე, უბილავა (C), შონია, დარცმელია, ულად ომარ იმრანი (კობახიძე 84), თ.კირკიტაძე (დ.კირკიტაძე 86), გავაშელიშვილი (იაკობიძე 75), სიხარულიძე

 

გაფრთხილება: დარცმელია, სიხარულიძე, გაბაძე

 

მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი

more news