სამ ქულაზე მეტი სამი ქულა საბურთალოსთან

სამ ქულაზე მეტი სამი ქულა საბურთალოსთან
02/11/2020

სამ ქულაზე მეტი სამი ქულა საბურთალოსთან

ზუსტად ერთთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ლოკომოტივი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა და დაბრუნდა გამარჯვებით. გუნდმა, საბურთალოსთან მატჩში უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილის მე-4 საფეხურზე აიწია. საბურთალოს მთავარ მწვრთნელს - ლევან კორღალიძეს კი, პირველად მოუწია ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში.

 

გიორგი ჭიაბრიშვილმა საბრძოლო შემადგენლობა დააყენა. დავით სამურკასოვის არყოფნაში, რომელიც გუნდს ფეხის ტრავმის გამო აკლია, ძირითად შემადგენლობაში თამაში მამია გავაშელიშვილმა დაიწყო.

 

მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო და კარში პირველად საბურთალოელებმა დაარტყეს. მე-15 წუთიდან, ძლიერი წვიმა წამოვიდა და ამან, თამაშის ტემპი შესამჩნევად შეანელა. 23-ე წუთზე, ლოკომოტივს რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა, როცა უბილავას სახიფათო დარტყმული მეტოქის კარს ასცდა. მომდევნო წუთზე კი, უკვე ლოკოს კარი გადარჩა. ამ მონაკვეთში, გუნდებმა პირველი სახიფათო მომენტები გაცვალეს.

 

ლოკომოტივმა ანგარიში 30-ე წუთზე გახსნა. ირაკლი სიხარულიძის პასის შემდეგ, მეტოქის კარი იმრანმა აიღო და თავისი გუნდი დააწინაურა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ბურთზე კონტროლი შეინარჩუნა და ტაიმი მშვიდად მიიყვანა დასასრულამდე.

 

მეორე ტაიმი ხისტი ორთაბრძოლებით დაიწყო. ლოკომოტივი ბურთზე კონტროლს ინარჩუნებდა და პოზიციური შეტევებით ცდილობდა მეტოქის კართან საფრთხის შექმნას. 54-ე წუთზე, იმრანის საჯარიმოს შემდეგ, ნიკა სანდოხაძის თავით ტრიალში დარტყმული საბურთალოს კარის ხარიხას მოხვდა. 74-ე წუთზე კი, მამარდაშვილის კარი გადარჩა და მხსნელი, ამჯერადაც ძელი აღმოჩნდა.

 

მატჩის ბოლო წუთებში, ხშირი იყო ჯარიმები. საბურთალო შეტევაში დიდი ძალებით მოდიოდა და ლოკომოტივი, ძირითადად, თავდაცვასა და მოგერიებაზე იყო კონცენტრირებული. თუმცა, ჭიაბრიშვილის ფეხბურთელები ბურთსაც ხშირად იჭერდნენ. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი კი, მოედანზე შეცვლაზე შემოსული გიორგი იაკობიძის გოლით დასრულდა. ლოკოს 19 წლის შემტევს, საგოლე პასი თორნიკე კირკიტაძემ გაუკეთა და 2:0.

 

უკვე მატჩის დამატებული წუთები მიმდინარეობდა, როცა საბურთალოელების ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ, სანდრო გურეშიძემ ბურთი საკუთარ კარში გადაგზავნა და ამით, საბოლოო ანგარიში - 2:1 დააფიქსირა.

 

 

 

ლოკომოტივი 2:1 საბურთალო (1:0)

 

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გურეშიძე, სანდოხაძე, გაბაძე (მჭედლიშვილი 65), უბილავა (C), დარცმელია, შონია, იმრანი (ძებნიაური 70), თ.კირკიტაძე, გავაშელიშვილი (იაკობიძე 58), სიხარულიძე

 

გოლები: იმრანი (30), იაკობიძე (83), გურეშიძე (90+4 სკ)

 

გაფრთხილება: გურეშიძე, იმრანი, გაბაძე

 

მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი

more news