ლოკოს 17 და 19-წლამდელები ოქროს ლიგებს ლიდერობენ

ლოკოს 17 და 19-წლამდელები ოქროს ლიგებს ლიდერობენ
27/06/2019

ლოკოს 17 და 19-წლამდელები ოქროს ლიგებს ლიდერობენ

ოქროს ლიგის მესამე ტურის მატჩებში, „ლოკომოტივის“ 15 და 17-წლამდე გუნდებმა თავისი მატჩები სტუმრად, სამეგრელოში ითამაშეს.

 

15-წლამდელები სფფ ზუგდიდის აკადემიის გუნდს დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდნენ.

 

ფოთში, „კოლხეთი 1913“ - ის წინააღმდეგ ითამაშეს ლოკოს 17-წლამდელებმა და მასპინძლებს ანგარიშით 2:1 სძლიეს. ჩვენი გუნდიდან დუბლის ავტორი ნიკა ხუციშვილი გახდა.

 

„ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა გუნდმა კი, საგურამოში, საკუთარ მოედანზე გორის „დილას“ უმასპინძლა. ვინაიდან, მატჩის პირველი ნახევარი რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა, შეხვედრის მთავარმა მსაჯმა შესვენებაზე მატჩის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და გუნდებმა მეორე ტაიმი 29 ივნისს ითამაშეს.

 

პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, სულიკო დავითაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარა და საბოლოოდ, მეტოქე 3:0 დაამარცხა. გორელთა კარში გოლები ნიკა ხუციშვილმა, საბა ჯინჭარაძემ და თორნიკე კერესელიძემ გაიტანეს.

 

სამი ტურის შემდეგ, ლოკოს 19-წლამდელები 9 ქულით ცხრილის სათავეში არიან. 3 მატჩში ჩვენმა ფეხბურთელებმა 9 ბურთი გაიტანეს და საკუთარ კარში მხოლოდ 1 მიიღეს.

 

სამი ტურის შემდეგ, „ლოკომოტივის“ 17-წლამდელთა გუნდი 9 ქულით ცხრილის სათავეშია. მას 2 ქულით ჩამორჩება „დინამო“ თბილისი; „საბურთალოსთან“ კი, ლოკოს 3-ქულიანი უპირატესობა აქვს. მე-4 ტურის მატჩში, 1 ივლისს, 17-წლამდელები საკუთარ მოედანზე „საბურთალოს“ მიიღებენ.

 

ლოკოს 15-წლამდე გუნდს კი, 3 ნათამაშები მატჩის შემდეგ, მხოლოდ 3 ქულა აქვს და „დინამო“ თბილისთან ერთად მე-5 მე-6 ადგილებს იყოფს. 1 ივლისს, ოქროს ლიგის მე-4 ტურში 15-წლამდელებიც „საბურთალოს“ უმასპინძლებენ.

more news