ესპანური დღიურები - ლოკომ მოსკოვის ლოკომოტივი დაამარცხა
ესპანური დღიურები - ლოკომ მოსკოვის ლოკომოტივი დაამარცხა
უკვე 1 კვირაა, ესპანეთის საკურორტო ქალაქ მარბელაში, თბილისის ლოკომოტივი საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება. გუნდი მარბელას საფეხბურთო ცენტრში ვარჯიშობს და ტესტ-მატჩებსაც იქვე მართავს.
პირველი ამხანაგური შეხვედრა, გია ჭიაბრიშვილის გუნდს როსტოვთან ჰქონდა და 1:4 დამარცხდა. თბილისელთაგან, ერთადერთი გოლი, ლოკოს ახალწვეულმა - კახა კახაბრიშვილმა გაიტანა.
მეორე ტესტ-მატჩში, ლოკომოტივი კრასნოდარს დაუპირისპირდა. მატჩი რუსული გუნდის გამარჯვებით - 3:2 დასრულდა. მეტოქის კარის აღება კი, ირაკლი სიხარულიძემ და თემურ შონიამ შეძლეს.
14 თებერვალს, ჩვენს გუნდს მოსკოველ სეხნიასთან მოუწია დაპირისპირება. თბილისელებმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს და მეტოქე დიდი ანგარიშით - 4:0 დაამარცხეს. დუბლი მიითვალა ლოკოს ერთადერთმა ლეგიონერმა - ულად ომარ იმრანმა, რომელმაც 32-ე წუთზე ანგარიში გახსნა; 55-ე წუთზე კი, მეორე და პირველზე არანაკლებად ეფექტური გოლი გაიტანა. იმრანის მეორე გოლამდე, მოსკოველთა ცენტრალურმა მცველმა - ლისტოვმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მატჩში წერტილი ლოკოს საუკეთესო ბომბარდირმა - ირაკლი სიხარულიძემ დასვა, რომელიც მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და 78-ე წუთზე თავისი გოლის გატანა შეძლო.
ხვალიდან, ლოკო მზადების დასკვნით ეტაპზე გადავა. დარჩენილ 5 დღეში, გია ჭიაბრიშვილის გუნდი კიდევ ერთ ტესტ-მატჩს გამართავს. ამჯერად, თბილისელთა მეტოქე, ესპანური მალაგა იქნება.