წარმატებული დაბრუნება - ლოკომ საგურამოში პირველი 3 ქულა მოიპოვა
წარმატებული დაბრუნება - ლოკომ საგურამოში პირველი 3 ქულა მოიპოვა
ეროვნული ლიგის მე-14 ტურის საშინაო მატჩი, ლოკომ საგურამოში, საკუთარ მოედანზე გამართა. ეს პრეცენდენტი პირველად დაფიქსირდა - საგურამოს საფეხბურთო კომპლექსმა უმაღლესი ლიგის შეხვედრას უმასპინძლა.
ანგარიში მე-10 წუთზე, იმრანმა გახსნა. ლოკოს მაროკოელი ლეგიონერი მშვენიერ ფორმაშია და ეს შედეგიანობაზეც აშკარად აისახება. იმრანს მშვენიერი პასი მამია გავაშელიშვილმა გაუჭრა და მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩენილ „ათიანს“, გატანა არ გასჭირვებია. მოვლენებს გავასწრებთ და გეტყვით, რომ ამ შეხვედრაში, იმრანმა დუბლი შეასრულა, როცა 72-ე წუთზე კიდევ ერთხელ აიღო ქურდაძის კარი.
53-ე წუთზე, სამტრედიამ ანგარიშის გათანაბრება შეძლო. მათე კვირკვიამ მშვენივრად ითამაშა და მამარდაშვილს შორეულ კუთხეში გაუტანა. თუმცა, სამტრედიელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. 66-ე წუთზე, ლოკომ მშვენიერი კომბინაცია გაითამაშა და შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელების დუეტმა გოლი შექმნა - იმრანის პასის შემდეგ, მუკბანიანი ფლანგიდან საჯარიმოსკენ გაიჭრა და იაკობიძეს უპასა, რომელმაც დასწრებაზე ძალიან კარგად ითამაშა - 2:1.
მესამე გოლზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ - სტუმართა მცველის მიერ ცუდად მოგერიებული ბურთი საჯარიმოში მყოფ იმრანს მიუვიდა და 3:1. ლოკოს „ათიანს“ ძალიან კარგი სტატისტიკა აქვს; მის ანგარიშზე უკვე 5 გოლი და 3 საგოლე პასია.
ლოკომოტივი 3:1 სამტრედია (1:0)
ლოკომოტივი: მამარდაშვილი, სანდოხაძე, კაშია, გაბაძე, უბილავა (C) (ბუიღლიშვილი 83), შონია, დარცმელია (ანდრონიკაშვილი 46), ჭიაბრიშვილი (მუკბანიანი 46), იმრანი (ქველაძე 83), გავაშელიშვილი (იაკობიძე 58), სიხარულიძე
გოლები: იმრანი (10, 72), იაკობიძე (66)
გაფრთხილება: უბილავა, მუკბანიანი
მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი