3 ქულა და გენერალური რეპეტიცია ევროპა ლიგამდე

3 ქულა და გენერალური რეპეტიცია ევროპა ლიგამდე
08/09/2020

3 ქულა და გენერალური რეპეტიცია ევროპა ლიგამდე

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე, ლოკომოტივმა გენერალური რეპეტიცია ეროვნული ლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში, საჩხერის ჩიხურასთან გაიარა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს 21-წლამდელთა ნაკრებში მყოფი 5 ფეხბურთელი აკლდა. 19-წლამდელთა ნაკრებში წასული 3 ფეხბურთელი კი, გუნდს მატჩის დღეს შეუერთდა.

 

ამ თამაშში, ლოკომოტივს 3 ქულა ჰაერივით სჭირდებოდა. ჭიაბრიშვილის გუნდმა ბურთზე კონტროლი პირველივე წუთებიდან მოიპოვა. მე-11 წუთზე, სწრაფად გათამაშებული მოკლესვლიანი კომბინაცია გავაშელიშვილის სახიფათო დარტყმით დასრულდა, რომელიც საჩხერელთა მეკარემ მოიგერია. ეპიზოდის გაგრძელება ნიკა ჭანტურიას შორეული დარტყმა იყო და ამჯერად, ბურთი კარს ზემოდან გადაცდა. 21-ე წუთზე კი, კარგად გათამაშებულ კომბინაციას კვლავ თბილისელთა 9 ნომერი აგვირგვინებდა, თუმცა, მას ამჯერადაც ჩიხურას მეკარემ აჯობა. გავაშელიშვილმა მესამე ცდაზე მაინც გაიტანა. ლოკომოტიველებმა მეტოქე საჯარიმოში გამოკეტეს და მეკარის პირისპირ დარჩენილმა ფორვარდმა, ჭანტურიას პასის შემდეგ, ბურთი კარში შეაგორა.

 

ლოკომოტივი თითქმის ყოველ მეორე შეტევაში ქმნიდა სახიფათო მომენტს. ტაიმის ბოლოს, თამაში ოდნავ დამშვიდდა. ჭიაბრიშვილის გუნდი ბურთზე კონტროლს ინარჩუნებდა. თუმცა, რამდენიმე წუთით დაკარგული კონცენტრაცია თბილისელებს 35-ე წუთზე გაშვებულ გოლად დაუჯდათ. ჩიხურამ ანგარიში გაათანაბრა.

 

მე-40 წუთზე, გატანის კარგი შანსი ჰქონდა თორნიკე კირკიტაძეს, რომელსაც მეკარემ ეფექტურ ნახტომში აუღო. ლოკომოტივმა პირველ ტაიმში გატანა ვეღარ შეძლო და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.

 

მეორე ტაიმში უფრო ხისტი ორთაბრძოლები ვნახეთ. ხშირი იყო ტრავმებით გამოწვეული პაუზები. ლოკომოტივი ბურთს ფლობდა, თუმცა, სახიფათო მომენტები თითქმის არ იქმნებოდა.

 

ლოკომოტივმა წინ გასვლა 66-ე წუთზე შეძლო. სანდრო კობახიძის აქტიურობის შემდეგ, მეტოქის კარი დათო კირკიტაძემ აიღო. ანგარიში სამამდე კი, ნიკა სანდოხაძემ გაზარდა. ლოკოს ცენტრალურმა მცველმა, იმრანის ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ, მშვენიერი თავური გაიტანა.

შეხვედრაში წერტილი ირაკლი სიხარულიძემ, 86-ე წუთზე დასვა. ლოკოს საუკეთესო ბომბარდირმა მეოთხე ბურთი შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. საჭირო 3 ქულის გარდა, ლოკომოტიველებმა ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ, მშვენიერი განწყობაც შეიქმნეს.

 

 

 

ლოკომოტივი 4:1 ჩიხურა (1:1)

 

ლოკომოტივი: შეროზია, გურეშიძე, სანდოხაძე, გაბაძე (მჭედლიშვილი 79), უბილავა (C), ჭანტურია (კობახიძე 57), შონია, იმრან ულად ომარ, თ.კირკიტაძე (დ.კირკიტაძე 60), გავაშელიშვილი, სიხარულიძე

 

გოლები: გავაშელიშვილი (21), დ.კირკიტაძე (66), სანდოხაძე (78), სიხარულიძე (86)

 

გაფრთხილება: გაბაძე

 

მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი

more news