32-ე ტურში რუსთავს ვესტუმრებით
32-ე ტურში რუსთავს ვესტუმრებით
ეროვნული ლიგა 2-ის 32-ე ტურში ჩვენი გუნდი რუსთავს ესტუმრება. მატჩი ხვალ, 8 ნოემბერს, რუსთავის საფეხბურთო ცენტრში, 15 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
31 ტურში 39 ქულა დავაგროვეთ, მე-5 ადგილზე ვართ. რუსთავი 62 ქულით ჩემპიონატის ლიდერია.
მიმდინარე სეზონში რუსთავის წინააღმდეგ სამი მატჩი გავმართეთ. მე-5 ტურში ჩვენი გუნდისა და რუსთავის დაპირისპირება საგურამოში 2:2 დასრულდა. მე-6 წუთზე დენის ამოაკომ დაგვაწინაურა, 59-ე წუთზე ლაშა მენთეშაშვილმა პენალტი გოლად აქცია. დარჩენილ დროში ავთანდილ გუჯაბიძისა და ლევან კუტალიას გოლებით რუსთავმა ანგარიში გაათანაბრა.
მე-14 ტურში რუსთავმა მარნეულში ლოკოს 2:1 მოუგო. მე-19 წუთზე ნიკოლოზ ყველაშვილმა ანგარიში გახსნა, წინ გავედით, თუმცა დმიტრო დობრანსკისა და იუტა ნაკანოს გოლებით რუსთავმა თამაში შემოატრიალა.
23-ე ტურში საგურამოში რუსთავს 3:2 მოვუგეთ. ანგარიში მე-4 წუთზე სტუმრებმა პრინს ოსეის გოლით გახსნეს. 27-ე წუთზე ჩვენი გუნდის შემტევმა ლაშა კოხრეიძემ წონასწორობა აღადგინა. 50-ე წუთზე იუტა ნაკანომ პენალტის ნიშნულიდან რუსთავი დააწინაურა. დარჩენილ დროში თამაში შემოვატრიალეთ, 55-ე წუთზე ლაშა მენთეშაშვილმა ზუსტად შესრულებული პენალტით ანგარიში გაათანაბრა, 65-ე წუთზე მენთეშაშვილის პასით დათო ბუკიამ გამარჯვების გოლი გაიტანა. შეხვედრის დამატებულ დროში კი ლოკოს მეკარე, ლუკა ნანავა, მსაჯმა მოედნიდან გააძევა. ვინაიდან გუნდს ცვლილებები სრულად გამოყენებული ჰქონდა, დათო ბუკიას მოუწია კარში ჩადგომა.