98 წუთი და ევროპა ლიგის მომდევნო ეტაპი

98 წუთი და ევროპა ლიგის მომდევნო ეტაპი
26/08/2020

98 წუთი და ევროპა ლიგის მომდევნო ეტაპი

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თბილისის ლოკომოტივი ევროსარბიელს დაუბრუნდა და კლუბისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტი გამარჯვებითაც აღნიშნა. უეფას რეგულაციების თანახმად, მიხეილ მესხი II-ზე თამაში უმაყურებლოდ ჩატარდა და გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი გუნდის სიხარული ადგილზე, მხოლოდ მედიამ და მცირერიცხოვანმა სტუმრებმა გაიზიარეს.

 

თამაში სწრაფ ტემპში დაიწყო. რუმინულმა გუნდმა ბურთი საწყის წუთებში დაიჭირა და სწრაფი ფლანგელების მეშვეობით უპირატესობის მოპოვებას შეეცადა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი კონცენტრირებულად იცავდა თავს და კონტრშეტევაზე ცდილობდა მეტოქის დაჭერას.

 

დაახლოებით, 15 წუთში, ლოკომოტივმა თამაში დაალაგა. ნელ-ნელა გამოიკვეთა გუნდის შემტევი პოტენციალი და მალევე, თემურ შონიამ რუმინელთა კარისკენ ყუმბარისებული დარტყმა გაუშვა, რომელიც მცირედით, ზემოდან გადაცდა. ამას მოჰყვა ორგანიზებული ართმევა ცენტრში და სწრაფი, გააზრებული შეტევა, რომელიც დათო სამურკასოვის ძალიან სახიფათო დარტყმით დასრულდა.

 

30-ე წუთისთვის, ჭიაბრიშვილის გუნდს საკმაო რაოდენობის სახიფათო მომენტები დაუგროვდა. იმრან ულად ომარმა ორჯერ აანერვიულა სტუმართა მეკარე. თუმცა, გადამწყვეტი დარტყმისას ჩვენს შემტევებს სიზუსტე ღალატობდათ. თავის მხრივ, მშვიდად და დამაჯერებლად გამოიყურებოდა ლოკოს ახალგაზრდა მეკარე მამარდაშვილი. მიუხედავად მშრალი ანგარიშისა, ლოკომოტივი მშვენიერ შთაბეჭდილებას ტოვებდა და შეიძლება თამამად ითქვას, რომ თბილისურმა კლუბმა პირველ ტაიმში მეტოქის ფავორიტის სტატუსი თითქმის მთლიანად გააბათილა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი თავგანწირვით იბრძოდა და დამსახურებული აპლოდისმენტებიც მიიღო.

 

მეორე ტაიმი ლოკომოტივმა მშვიდად დაიწყო. გუნდი ბურთზე კონტროლის შენარჩუნებას და უპირატესობის მეთოდურად მოპოვებას ცდილობდა, რაც აშკარად უფრო და უფრო კარგად გამოსდიოდათ. 57-ე წუთზე, სწრაფი და გააზრებული შეტევა ლოკოს პირველი გოლით დასრულდა. სამურკასოვმა თორნიკე კირკიტაძეს ბურთი საჯარიმოში შეაყოლა; თბილისელთა 22-ე ნომერმა კი, იქვე ირაკლი სიხარულიძე მოძებნა, რომლის მშვენიერ დარტყმასაც კრაიოვას მეკარემ ვერაფერი მოუხერხა - 1:0.

 

ლოკომოტივმა უპირატესობა 62-ე წუთზე გაზარდა. ბექა დარცმელიამ არაჩვეულებრივი პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა ულად ომარი. მაროკოელმა მცირე პაუზა აიღო და ზუსტი, დაბალი დარტყმით კიდევ უფრო წინ გაიყვანა თავისი გუნდი.

 

რუმინელებს უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდათ და მთელი გუნდით შეტევაში წავიდნენ. ლოკომოტივი ერთხელ ძელმა გადაარჩინა. 77-ე წუთზე, თავგანწირული თამაშისას დაშავდა ნიკა სანდოხაძე, რომელიც მოედნიდან პირდაპირ კლინიკაში გადაიყვანეს. გამოცდილ ცენტრალურ მცველს ტვინის მსუბუქი შერყევა დაუდგინდა და მცირე ხნით დასვენება მოუწევს.

 

მსაჯმა ძირითად დროს 7 წუთი დაამატა, რა დროსაც, რუმინულმა გუნდმა ერთი ბურთის გატანა შეძლო. ლოკომოტივმა მშვენივერად გაუძლო მეტოქის ზეწოლას. ჩვენი გუნდი ბურთს იჭერდა და საფინალო სასტვენამდე კრაიოვას მეტის გაკეთების საშუალება აღარ მისცა.

2:1 და ლოკომოტივი ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადავიდა!

 

 

 

ლოკომოტივი 2:1 უნივერსიტატეა კრაიოვა (0:0)

 

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გურეშიძე, სანდოხაძე (ანდრონიკაშვილი 77), გაბაძე, უბილავა (C), შონია, დარცმელია, სამურკასოვი (ჭანტურია 79), თ.კირკიტაძე, იმრან ულად ომარ (ძებნიაური 69), სიხარულიძე

 

მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი

 

უნივერსიტატეა კრაიოვა: პილიაჩელი, ვეტეჟელუ, აკა, კონსტანტინი, ბანკუ, ნისტორი (ბაიარამი 77), მატეი (სკრეჩუ 57), ჩიკილდეუ, ბერბუცი (მიჰეილე 60), კოლიჩი, ივანი

 

მთ.მწვრთნელი - კრისტიანო ბერგოდი

 

გოლები: სიხარულიძე (57), იმრან ულად ომარი (62), ბაიარამი (90+4)

 

გაფრთხილება: უბილავა, ვეტეჟელუ, კოლიჩი, აკა, კონსტანტინი, სკრეჩუ

 

მთ. მსაჯი - მილოშ ჯორჯიჩი (სერბეთი)

more news