ბრწყინვალე სტარტი ეროვნულ ლიგაში

ბრწყინვალე სტარტი ეროვნულ ლიგაში
01/03/2020

ბრწყინვალე სტარტი ეროვნულ ლიგაში

1 მარტს, „ლოკომოტივმა“ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის პირველი ტურის მატჩი „სამტრედიას“ წინააღმდეგ ითამაშა და მეტოქე დამაჯერებლად, ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

 

საერთო ჯამში, ლევან კორღალიძის გუნდმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისელებმა გოლი საკუთარ კარში მატჩის დებიუტშივე, მე-3 წუთზე გაუშვეს, გუნდმა გადაწყობა და საბრძოლოდ განწყობა მალევე შეძლო და პირველივე ტაიმში მშვენიერი „ქამბექი“ შემოგვთავაზა.

 

სამ გატანილ გოლთან ერთად, შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდები ლოკოს ფეხბურთელებმა პირველ ტაიმში შემოგვთავაზეს. გაშვებული გოლის შემდეგ, ლევან კორღალიძის გუნდი ნამდვილი ლოკომოტივივით ამოიქოქა და მეტოქის კარზე მასირებული შეტევები დაიწყო.

 

გამოსარჩევია მე-19 წუთზე, საჯარიმოს ხაზიდან ბექა დარცმელიას უძლიერესი დარტყმა, რომელიც სამტრედიელთა მეკარემ რაღაც სასწაულით მოიგერია; თემურ შონიას თავური, კუთხურის შემდეგ, რომელიც, ასევე, მეკარემ „დაასეივა“. ამასობაში კი, თბილისელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. პოზიციური შეტევა სამტრედიელთა საჯარიმოში დარცმელიას ჩაწოდებით გაგრძელდა, რომელსაც სწორ ადგილას დაუხვდა დათო კირკიტაძე და სეფიაშვილს შანსი აღარ დაუტოვა - 1:1.

 

5 წუთის შემდეგ, სამურკასოვმა ფლანგზე ჩაირბინა, მეტოქის ორი ფეხბურთელი ჩამოიტოვა და საჯარიმოში შესული წააქციეს. მსაჯმა მყისიერად მიუთითა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ. ბურთთან ირაკლი სიხარულიძე მივიდა და მშვიდად, აუღელვებლად გაიტანა. ასე რომ, 10-წუთიან მონაკვეთში, ლოკომ დაწინაურებაც შეძლო.

 

თუმცა, პირველ ტაიმში ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. თერთმეტმეტრიანის გატანიდან ზუსტად 5 წუთში, სიხარულიძემ დუბლის შესრულება შეძლო. თუმცა, ეს ისე ეფექტურად, აკრობატულ ნახტომში გააკეთა, რომ ასეთ ლამაზ გოლზე ხელს ნებისმიერი მოაწერდა. „ლოკომოტივმა“ ტაიმი 3:1 მოიგო.

 

მატჩის მეორე ნახევარში, ლევან კორღალიძის გუნდმა ტემპი შეანელა და მეტოქეს თითქოს თამაშის სადავეები გადაულოცა, თუმცა, მატჩის მიმდინარეობას კვლავ თბილისელები აკონტროლებდნენ. ანგარიში კი, აღარ შეცვლილა; მიუხედავად იმისა, რომ გუნდებმა მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტების შექმნა შეძლეს.

 

ასე რომ, ეროვნული ლიგა „ლოკომოტივმა“ მაჟორულ ნოტაზე დაიწყო, პირველი 3 ქულა მოიპოვა და სასტარტო ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

 

 

ლოკომოტივი 3:1 სამტრედია

ლოკომოტივი: შეროზია, გურეშიძე, ჭანტურია, გაბაძე, უბილავა (C), დარცმელია, შონია (იაკობიძე 90+1), სამურკასოვი (ანდრონიკაშვილი 84), დ.კირკიტაძე, კობახიძე (შეყილაძე 73), სიხარულიძე

 

გოლები: დ.კირკიტაძე (30), სიხარულიძე (35 პენ, 40)

 

გაფრთხილება: ჭანტურია

 

მთ.მწვრთნელი - ლევან კორღალიძე

more news