გიორგი ჭიაბრიშვილი: დღეს, ჩვენი ბრძოლის ველი ფეხბურთი და მოედანია

გიორგი ჭიაბრიშვილი: დღეს, ჩვენი ბრძოლის ველი ფეხბურთი და მოედანია
15/09/2020

გიორგი ჭიაბრიშვილი: დღეს, ჩვენი ბრძოლის ველი ფეხბურთი და მოედანია

მოსკოვის დინამოსთან, უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ, ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი, ოფიციალურ პრესკონფერენციაზე გუნდის კაპიტანთან - დავით უბილავასთან ერთად გამოცხადდა და მედიის შეკითხვებს უპასუხა.

 

გიორგი ჭიაბრიშვილი: „მოსამზადებელმა პროცესმა კარგად ჩაიარა. ტრავმირებული ფეხბურთელები არ გვყავს და თამაშს კარგი განწყობით ვხვდებით. მნიშვნელოვანი იყო წინა ტურში, კრაიოვასთან მოგება და შემდეგ, ეროვნულ ლიგაშიც, რამაც ჩვენი ხასიათი მნიშვნელოვნად აამაღლა.

 

სამატჩო განაცხადში შეყვანილი ყველა ფეხბურთელი მზადაა 90 წუთი ითამაშოს. ერთადერთი, დათო კირკიტაძეა, რომელმაც ტრავმა ცოტა ხნის წინ მოირჩინა და ვარჯიში ახალი დაწყებული აქვს.

 

მოსკოვის დინამო საფუძვლიანად შევისწავლეთ. კრაიოვა ძლიერი გუნდი იყო, თუმცა, ისინი სულ ერთი ტაქტიკითა და შემადგენლობით თამაშობენ. მოსკოველები კი, ტაქტიკას და განლაგებას მუდმივად ცვლიან. მათ შემადგენლობაში სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული ნაკრებების ფეხბურთელები თამაშობენ.

 

ვერ ვიტყვი, რომ დინამო გამორჩეულად უხეში გუნდია. ვნახეთ მათი თამაში ზენიტთან, სადაც დაცვითი ფეხბურთი ითამაშეს და ელოდებოდნენ შანსს, რომელიც მიიღეს და გამოიყენეს. თუმცა, ასევე ვნახეთ მათი ბოლო თამაში რუბინთან, რომელიც საკმაოდ ხისტი და უხეში იყო; სადაც ძალიან უხეშად ითამაშეს კვარაცხელიას წინააღმდეგ.

 

ჩვენს მატჩს ძალიან მაღალი დონის ფრანგი არბიტრი იმსაჯებს. ჩემს ფეხბურთელებთან სულ მაქვს საუბარი, რომ ყველანაირ კონფრონტაციას და პროვოკაციას თავი მაქსიმალურად აარიდონ. ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს მოედანზე; გვსურს, დადებით შედეგს მივაღწიოთ და სხვა რამეზე ყურადღების გადატანას არ ვაპირებთ.

 

არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ეს რუსეთ-საქართველოს მატჩია. თამაშობენ თბილისის ლოკომოტივი და მოსკოვის დინამო. სტეპაშინის განცხადებაზე კომენტარსაც არ გავაკეთებ; ამაზე დროსაც კი არ დავკარგავ.

 

ამ ცხოვრებაში, ყველას ჩვენი ჯვარი და ჩვენი ომი გვაქვს. ჯარისკაცები იარაღით ხელში იბრძვიან; თქვენ, ჟურნალისტებს, თქვენი ბრძოლა გაქვთ. ყველამ თავისი საქმით უნდა იბრძოლოს ქვეყნის წარმატებისთვის.

 

თუ საჭირო იქნება, ჩემი ფეხბურთელები ქვეყნის დასაცავად იარაღსაც აიღებენ ხელში, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, ამის საჭიროება აღარ დადგება.

 

დღეს, ჩვენი ბრძოლის ველი ფეხბურთი და მოედანია. გავალთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ და ჩვენს ქვეყანას სიხარული მოვუტანოთ.“

more news