გიორგი გეგუჩაძე - ლოკომოტივის მწვრთნელობა დიდი პასუხისმგებლობაა, ახალგაზრდების განვითარება ჩვენი სტრატეგიის მთავარი ნაწილია
გიორგი გეგუჩაძე - ლოკომოტივის მწვრთნელობა დიდი პასუხისმგებლობაა, ახალგაზრდების განვითარება ჩვენი სტრატეგიის მთავარი ნაწილია
თბილისის ლოკომოტივს გიორგი გეგუჩაძე უმცროსი გაწვრთნის.
გუნდში არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე მას კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ:
„ეს ჩემი პირველი კლუბია. დიდი პატივი და თან ორმაგი პასუხისმგებლობაა თბილისის ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ყოფნა.
გუნდში გაახალგაზრდავების პროცესი დაიწყო. ასევე, სპორტული დირექტორის თანამდებობაზე ნიკა ჭანტურია დაინიშნა, რაც მახარებს და მივესალმები, რადგან გუნდს კარგად იცნობს, თითოეულ ფეხბურთელს და ამ კუთხითაც მისი ამ თანამდებობაზე ყოფნა დიდი ძალაა ჩვენთვის. ვფიქრობ, ეს ცვლილებები სამომავლო წარმატების საწინდარი იქნება.
ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარება ჩვენი სტრატეგიის ცენტრალური ნაწილია. ახალ სეზონში დიდი გამოწვევები გველის. დარწმუნებული ვარ, რომ საერთო შრომითა და მონდომებით ყველა სირთულეს დავძლევთ. რა თქმა უნდა, ვეცდებით კიდევ უფრო გავძლიერდეთ.
ჩვენი მთავარი ამოცანა ამ წელს გუნდის მტკიცე და სტაბილური საფუძვლის შექმნაა, რათა მომავალი წლიდან დიდი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. ამ ამოცანების მისაღწევად, გუნდთან ერთად ყოველდღიურად, დაუღალავად ვიშრომებთ“, - განაცხადა გიორგი გეგუჩაძემ.