ლოკომოტივი დილასთან ბოლო წუთზე დამარცხდა
ლოკომოტივი დილასთან ბოლო წუთზე დამარცხდა
ეროვნული ლიგის მე-17 ტურში, თბილისის ლოკომოტივი გორის დილასთან დამარცხდა. 27 ივნისს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი, მასპინძლებმა 3-2 მოიგეს.
ლოკომ პირველი ნახევარი მამია გავაშელიშვილის გოლით მოიგო. მე-10 წუთზე, ლუკა კიკაბიძემ კუთხურიდან გათამაშების შემდეგ, ბურთი საჯარიმოში, შორეულ ძელთან ჩააწოდა, სადაც თორნიკე ძებნიაურმა ბურთს მიმართულება შეუცვალა და მამია გავაშელიშვილს საგოლე გადაცემა გაუკეთა. მამიამ თავური დარტყმით გაიტანა.
პირველ ტაიმში გატანა ორჯერ შეეძლო დავით ჯიქიასაც, რომელსაც პირველ შემთხვევაში მასპინძელთა მეკარემ აჯობა, მეორედ კი მისი დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა.
ჯიქიას კიდევ ერთი საგოლე მომენტი მეორე ტაიმის დებიუტში შეექმნა, თუმცა ლოკოს ფორვარდს მიზანმა ამჯერადაც უმტყუნა. 58-ე წუთზე, მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრებს. წონასწორობა მიკოლა კოვტალიუკმა აღადგინა.
ლოკომ წინ გასვლა მალევე შეძლო, 61-ე წუთზე, ლუკა კიკაბიძის გადაცემის შემდეგ, მამია გავაშელიშვილმა დუბლი შეასრულა.
75-ე წუთზე, მთავარმა არბიტრმა, არსენ ნონიკაშვილმა ლოკოს კარში პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად ლეანდრო რიბეირომ შეასრულა.
დრამატული გამოდგა მატჩის უკანასკნელი წუთები. ლოკოს შეტევებს სიმწვავე მოედანზე ლევან ყენიას შესვლამ შემატა. 27 წლის ნახევარმცველმა თამაში რამდენიმე ეპიზოდში გაამწვავა, 92-ე წუთზე კი მასზე უხეშობისთვის, მსაჯმა მოედნიდან გია ჩადუნელი გააძევა და დილას კარში საჯარიმო დარტყმა დანიშნა.
ჯარიმა ყენიამ შეასრულა, რომელიც დილას მეკარემ მოიგერია, თუმცა დამატებაზე ყველას ნიკა ჭანტურიამ დაასწრო და გაიტანა. არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი გააუქმა, საპასუხო შეტევაში კი კოვტალიუკმა დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
17 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 18 ქულით მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი 5 ივლისს, რუსთავის წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი: შეროზია, უბილავა (კაპ), ქურდაძე, ნ.ჭანტურია, გაბაძე, სამურკასოვი, ძებნიაური, კიკაბიძე (არდაზიშვილი 62), კობახიძე (ყენია 80), გავაშელიშვილი, ჯიქია (კომახიძე 65)
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი
გაფრთხილება: ძებნიაური (58), სამურკასოვი (74), კომახიძე (88)
არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი