ლოკომოტივმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა
ლოკომოტივმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა
თბილისის ლოკომოტივმა ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონი, ქუთაისის ტორპედო დაამარცხა. 20 მაისს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართული დაპირისპირება, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო.
მატჩის ერთადერთი გოლი, 72-ე წუთზე, ლუკა კიკაბიძემ გაიტანა.
დინამო თბილისთან, სტუმრად მოგებული მატჩის შემდეგ, ჭაღიაშვილმა ძირითად შემადგენლობაში ერთადერთი ცვლილება განახორციელა. ტრავმირებული დავით სამურკაოსვის ადგილი ლუკა კიკაბიძემ დაიკავა, რომელიც 3 ქულის მომტანი გოლის ავტორი გახდა.
ტორპედოსთან დაპირისპირება ორთაბრძოლებით დატვირთული გამოდგა. პირველ ნახევარში მხოლოდ ორი სახიფათო მომენტი შეიქმნა. პირველ შემთხვევაში გავაშელიშვილს შეეძლო გატანა.
მოედნის ცენტრიდან, ლოკოს მე-9 ნომერს ლუკა კიკაბიძემ კარგი პასი მისცა, გავაშელიშვილმა ერთი ფეხბურთელი მოატყუა და დაარტა, თუმცა ბურთი გიორგი გურულს შეეხო და კარს მცირე მანძილით აცდა.
გატანა შეეძლო თორნიკე ძებნიაურსაც, მისი დარტყმა როინ კვასხვაძემ მოიგერია.
მეორე ნახევრის დებიუტში, ლოკომ კარგი მომენტი შექმნა. თეიმურაზ შონიამ მეტოქის საჯარიმოსთან კარგად ითამაშა და საჯარიმოში მარტო მყოფი ჯიქია მოძებნა, რომელმაც კიდევ ერთი მომენტი ვერ გამოიყენა, ბურთი კვასხვაძის კარს მცირე მანძილით აცდა.
72-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან გიორგი გაბაძის ჩაწოდების შემდეგ, ანგარიში თავური დარტყმით ლუკა კიკაბიძემ გახსნა. 23 წლის ნახევარმცველმა, მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.
ამ ეპიზოდის შემდეგ, ლოკომ და ტორპედომ მომენტები გაცვალეს. დავით ჯიქიასა და ლევან კუტალიას დარტყმები სახიფათო, თუმცა არაზუსტი აღმოჩნდა.
მატჩის მიწურულს ჭაღიაშვილმა სამივე ცვლილება გამოიყენა. გოლის ავტორის ნაცვლად, 79-ე წუთზე, თამაშში ლაშა გვალია ჩაერთო.
89-ე წუთზე, ოთარ კობახიძე თეიმურაზ ღონღაძემ შეცვალა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მოედანზე ლაშა ოზბეთალაშვილი შევიდა, რომელმაც დავით ჯიქია შეცვალა. ოზბეთელაშვილისთვის, ტორპედოსთან მატჩი, ლოკომოტივის მაისური სადებიუტოა.
12 ტურის შემდეგ, ლოკოს 11 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა. მომდევნო მატჩს, ჭაღიაშვილის გუნდი სტუმრად, საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 26 მაისს, ივანწმინდაში, ცენტრალურ სტადიონზე, 17:00 საათზე გაიმართება.
ლოკომოტივი: შეროზია, უბილავა (კაპ), ლობჟანიძე, ნ.ჭანტურია, გაბაძე, შონია, ძებნიაური, კიკაბიძე (გვალია 79), კობახიძე (ღონღაძე 89), გავაშელიშვილი, ჯიქია (ოზბეთალაშვილი 90+3)
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი
გაფრთხილება: გაბაძე (68), გავაშელიშვილი (82)
არბიტრი: ჯენერი ხორავა