ლოკომოტივმა მეოთხე წრე მარცხით დაიწყო

ლოკომოტივმა მეოთხე წრე მარცხით დაიწყო
07/10/2018

ლოკომოტივმა მეოთხე წრე მარცხით დაიწყო

ეროვნული ლიგის 28-ე ტურში, თბილისის ლოკომოტივი სამტრედიასთან დამარცხდა. 6 ოქტომბერს, ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა მინიმალური ანგარიშით წააგო.

ლოკოს ტრავმის გამო უჩა ლობჟანიძე ვერ დაეხმარა, რომელიც თამაშს მიმდინარე სეზონის ბოლომდე ვეღარ შეძლებს.

ლევან ქურდაძისა და ალექსანდრე ანდრონიკაშვილის დისკვალიფიკაციის გამო, ლაშა ჭაღიაშვილმა ცენტრალურ დაცვასა და ნახევარდაცვაში ცვლილებები შეიტანა. დაცვის ცენტრში, ნიკა ჭანტურიას თეიმურაზ შონია შეუწყვილდა, ნახევარდაცვის ცენტრში კი დავით სამურკასოვთან ერთად ლაშა გვალიამ ითამაშა.

პირველ ნახევარში უპირატესობას ლოკომოტივი ფლობდა. ანგარიშის გახსნა შეეძლო ზურიკო დავითაშვილს, რომლის შორეული დარტყმა დავით კუპატაძემ კუთხურზე მოიგერია.

გატანის კარგი შანსი ჰქონდა ოთარ კობახიძესაც. ორი ფეხბურთელის მოტყუების შემდეგ, ლოკოს 99-ე ნომერმა ზუსტად ვეღარ დაარტყა.

უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, გატანა შეეძლოთ მასპინძლებსაც. კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე, საჯარიმოში ყველას გიორგი გურულმა აჯობა, რომლის ურთულესი თავური დარტყმა რევაზ თევდორაძემ მოიგერია.

საპასუხო შეტევაში, კუპატაძემ ჯერ ოლურემის, შემდეგ კი კობახიძის დარტყმები მოიგერია კუთხურზე.

ამერიკელმა შემტევმა მომდევნო ეპიზოდში 100 %-იანი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. არდაზიშვილის პასის შემდეგ, ოლურემმა გატანა ცარიელ კარში ვერ მოახერხა.

ანგარიში 77-ე წუთზე ივან ფატიჩმა გახსნა. კუთხურიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ, სამტრედიელთა მცველმა საჯარიმოში ზუსტად ითამაშა და თევდორაძეს მარცხენა დაბალ კუთხეში გაუტანა.

კომპენსირებულ დროში, გათანარება შეცვლაზე შესულ რატი არდაზიშვილს შეეძლო, თუმცა ლოკოს ნახევარმცველს მასპინძელთა მეკარემ აჯობა.

28 ტურის შემდეგ, ლოკომოტივი 32 ქულით მეექვსე ადგილზეა. ლაშა ჭაღიაშვილის გუნდს მომდევნო მატჩი 17 ოქტომბერს, მოქმედ ჩემპიონ ქუთაისის ტორპედოსთან აქვს. აღნიშნული შეხვედრა მესამე წრეში უნდა გამართულიყო, თუმცა ტორპედოს ევროტურნირებზე მონაწილეობის გამო, შეხვედრა გადაიდო.

ლოკომოტივი: თევდორაძე, უბილავა (კაპ), შონია, ნ.ჭანტურია, გაბაძე, სამურკასოვი (ძებნიაური 74), გვალია, დავითაშვილი, კობახიძე, ოლურემი (ინჯგია 79), ჯიქია (არდაზიშვილი 68)

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

გაფრთხილება: სამურკასოვი (58), ნ.ჭანტურია (70)

არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი

more news