ლოკო საქართველოს თასის ნახევარფინალშია
ლოკო საქართველოს თასის ნახევარფინალშია
„ლოკომოტივმა“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალის საგზური მარტვილში, ადგილობრივ „მერანთან“ საკმაოდ მძიმე ბრძოლაში მოიპოვა.
მატჩი მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე ჩატარდა და ხელოვნურმა საფარმა თავისი გავლენა მოახდინა თბილისელთა თამაშზე. მიუხედავად ამისა, ლოკო თავიდანვე დაეუფლა სათამაშო უპირატესობას. პირველი ტაიმის პირველ ნახევარში, ჩვენი შეტევების ძირითადი დატვირთვა უბილავა-კირკიტაძის ფლანგზე მოდიოდა. შესაბამისად, თბილისელთა ფლანგელები ყველაზე აქტიურები იყვნენ.
ანგარიშის გახსნა კი, ლევან კორღალიძის გუნდმა 23-ე წუთზე მოახერხა. ბექა დარცმელიას ჩამოწოდებულ კუთხურს, საჯარიმოში რეზი ინჯგიას ეფექტური თავური დარტყმა მოჰყვა. მიუხედავად მეტოქეზე დიდი ზეწოლისა, „ლოკომოტივმა“ პირველ ტაიმში ანგარიშის გაზრდა ვეღარ შეძლო.
მეორე ტაიმში, თამაში თითქმის გათანაბრდა. მასპინძლებს უკანდასახევი გზა აღარ ჰქონდათ და მთელი გუნდით შეტევებს ცდილობდნენ. 72-ე წუთზე ლოკო გაშვებულ გოლს გადაურჩა; „მერანის“ ფეხბურთელმა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა.
მაშინ კი, როცა ყველა დაფიქსირებულ ანგარიშს შეგუებული იყო და მსაჯის მიერ კომპენსირებული დროც იწურებოდა, თბილისელთა საჯარიმოს ხაზთან არბიტრმა კვირიკაშვილმა შეყილაძეზე ხელით თამაში დააფიქსირა და საეჭვო ჯარიმაც დადო. გიორგი ბუხაიძემ კი, დაარტყა და მარტვილელი გულშემატკივარი სიხარულისგან გადარია - 1:1 და ექსტრა ტაიმები დაინიშნა.
ექსტრა დროში მასპინძლებზე აქტიურები „ლოკომოტივის“ ფეხბურთელები იყვნენ. თუმცა, ორივე გუნდი ძალიან ფრთხილობდა და მთელი ძალებით შეტევაში არავინ მიდიოდა. მატჩის ბედი 110-ე წუთზე დანიშნულმა კუთხურმა გადაწყვიტა, როცა ლოკოს ტანმაღალი მცველი - ალექსანდრე ანდრონიკაშვილი ყველაზე მაღლა ახტა და მარტვილელთა კამერუნელ მეკარეს აუღებელი დაურტყა. 2:1 და ნახევარფინალში ლევან კორღალიძის გუნდი გავიდა.
სამწუხარო ამბავი ისაა, რომ თასის ნახევარფინალს გაფრთხილებების გამო გამოტოვებს „ლოკომოტივის“ დაცვის ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე გურეშიძე.
მერანი მარტვილი 1:2 ლოკომოტივი
ლოკომოტივი: ბულისკერია, გურეშიძე, ჭანტურია, ანდრონიკაშვილი, უბილავა (C), შონია, დარცმელია, დ.კირკიტაძე (გვალია 88), გოროზია (მახარობლიძე 54), ინჯგია (შეყილაძე 83), სიხარულიძე (ჯიქია 117)
გოლები: ინჯგია (23), ანდრონიკაშვილი (110)
გაფრთხილება: ანდრონიკაშვილი, ბულისკერია, გურეშიძე, ინჯგია