ლოკომ ჩემპიონატი ბათუმის დინამოსთან გამარჯვებით დაასრულა

ლოკომ ჩემპიონატი ბათუმის დინამოსთან გამარჯვებით დაასრულა
01/12/2019

ლოკომ ჩემპიონატი ბათუმის დინამოსთან გამარჯვებით დაასრულა

„ლოკომოტივმა“ ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონი მშვენიერ განწყობაზე დაასრულა. ლევან კორღალიძის გუნდმა, ჩემპიონობის მაძიებელ ბათუმის „დინამოს“, ირაკლი სიხარულიძის დუბლით, ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე მოუგო.

 

ლოგიკურად, ამ მატჩში მასპინძლებზე მეტი მოტივაცია სტუმრებს უნდა ჰქონოდათ, მაგრამ პირიქით კი მოხდა. „ლოკომოტივი“ სახიფათოდ და მწვავედ უტევდა, მომენტებს ქმნიდა; ბათუმელები კი, ამ ყველაფერს მხოლოდ ფრთხილ თამაშს უპირისპირებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, თამაში საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა.

 

მეორე ტაიმში, თამაშის სცენარი თითქმის არ შეცვლილა. „ლოკომოტივი“ უფრო თამამად თამაშობდა და ლაღად უტევდა. 52-ე წუთზე, ერთ-ერთი ასეთი შეტევა, კარგად გათამაშებული კომბინაციითა და გოლით დასრულდა. ლუკა კიკაბიძემ, მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან ერთბაშად სამი მცველი ჩამოიტოვა და ბურთი იქვე მყოფ სიხარულიძეს გადააწოდა, რომელმაც ალავიძეს ძლიერი, დაბალი და აუღებელი დაურტყა.

 

ტაიმის მიწურულისკენ, ბათუმელები გააქტიურდნენ და რამდენჯერმე გასატანად გაიწიეს. საპასუხოდ, „ლოკომოტივი“ სახიფათო კონტრიერიშებს ახორციელებდა. თუმცა, მატჩის მესამე დამატებულ წუთზე, სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც შეძლეს, თამაში კი, ამით არ დასრულებულა. „ლოკომოტივი“ კონტრაშეტევაზე წამოვიდა; ლაშა გვალიამ რეზი ინჯგიას ბურთი შეაყოლა; ამ უკანასკნელს კი, სტუმართა მცველი უხეშად ეთამაშა და მსაჯმაც უყოყმანოდ დანიშნა თერთმეტმეტრიანი, რომელიც ირაკლი სიხარულიძემ ზუსტად გამოიყენა. ამას მსაჯის საფინალო სასტვენიც მოჰყვა და ლევან კორღალიძის გუნდმა დამსახურებულად იზეიმა.

 

„ლოკომოტივმა“ 55 ქულა დააგროვა და ჩემპიონატი სატურნირო ცხრილის მე-4 საფეხურზე დაამთავრა. ახლა, გუნდი სეზონის დასკვნითი აკორდისთვის - საქართველოს თასის ფინალისთვის მოემზადება.

 

 

ლოკომოტივი 2:1 დინამო ბათუმი

ლოკომოტივი: ბულისკერია, გურეშიძე, ჭანტურია (C), გაბაძე, კომახიძე, შონია, დარცმელია, სამურკასოვი (გვალია 56), თ.კირკიტაძე (გოროზია 71), კიკაბიძე (ინჯგია 66), სიხარულიძე

 

გოლები: სიხარულიძე (52, 90+5 პენ)

 

მთ.მწვრთნელი - ლევან კორღალიძე

more news