ლოკომოტივი დინამო თბილისი 2-თან თამაშისთვის ემზადება
ლოკომოტივი დინამო თბილისი 2-თან თამაშისთვის ემზადება
თბილისის ლოკომოტივი ეროვნული ლიგა 2-ის მე-20 ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელსაც ჩვენი გუნდი სტუმრად დინამო თბილისი 2-თან გამართავს.
სეზონის განახლების შემდეგ რევაზ გოცირიძის გუნდისთვის ეს მეორე თამაშია. წინა ტურში ლოკომ განახლებულ მესხი 2-ზე ბოლნისის სიონს უმასპინძლა და ბოლო წუთზე გაშვებული გოლით 1:2 დამარცხდა.
ეროვნული ლიგის დაწყებამდე, ჩვენმა გუნდმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე ორი შეხვედრა ჩაატარა. 1/16 ფინალში ქობულეთის შუქურა დამატებით დროში 3:0 დაამარცხა, ხოლო 1/8 ფინალში დინამო თბილისთან მატჩი მინიმალური სხვაობით, 0:1 დათმო.
მიმდინარე სეზონში ლოკომოტივმა დინამო თბილისი 2-თან უკვე გამართა ორი მატჩი და ორივეში დამარცხდა. 5 მარტს ლოკომ მეტოქესთან 1:3 წააგო. ჩვენი გუნდის მხრიდან შეხვედრაში გოლის გატანა თორნიკე კურტანიძემ შეძლო, რომელიც 10 გოლით ეროვნული ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში ამჟამად მეორე ადგილს იყოფს ფოთის კოლხეთის შემტევ დათა სიჭინავასთან ერთად. რაც შეეხება მეორე დაპირისპირებას, 5 მაისს გაიმართა და დინამო 2-მა 2:0 მოიგო.
სატურნირო ცხრილში 19 ტურის შემდეგ თბილისის ლოკომოტივი 12 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს, ხოლო დინამო თბილისი 2-ს 31 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა.
ჩვენი გუნდის შეხვედრა 8 აგვისტოს 19:00 საათზე დაიწყება.