ლოკომოტივი საჩხერეში ჩიხურამ შეაჩერა
ლოკომოტივი საჩხერეში ჩიხურამ შეაჩერა
ეროვნული ლიგის 25-ე ტურის შეხვედრაში, ივანწმინდას სტადიონზე „ლოკომოტივი“ ძალზე დრამატულ ბრძოლაში „ჩიხურასთან“ დამარცხდა. ამ მატჩში ყველაფერი იყო - გამოყენებული და ვერგამოყენებული თერთმეტმეტრიანები, დანიშნული და არდანიშნული, საეჭვო ჯარიმები, ყვითელი ბარათები, პატარა გაწევ-გამოწევაც, რომლის მთავარი გმირი საჩხერელთა მეკარე - დინო ჰამზიჩი გახლდათ. საბოლოოდ, თბილისელები 2:3 დამარცხდნენ და ხელიდან მშვენიერი შანსი გაუშვეს - მყარად დამკვიდრებულიყვნენ სატურნირო ცხრილის მე-4 საფეხურზე.
პირველ ტაიმში, ლევან კორღალიძის გუნდმა მეტოქეს სწრაფი და აქტიური თამაში შესთავაზა. იყო სახიფათო დარტყმებიც. 30-ე წუთზე კი, დათო კირკიტაძის წაქცევისთვის მატჩის არბირტმა საჩხერელთა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომლის შესრულებაც თემურ შონიამ ითავა, თუმცა, სამწუხაროდ, ლოკოს საყრდენს დარტყმული დინო ჰამზიჩმა აუღო. მოგერიებული დარტყმიდან ზუსტად 1 წუთში კი, თერთმეტმერიანი უკვე თბილისელთა კარში დაინიშნა. პენალტი ზუსტად გიორგი კორიფაძემ შეასრულა და თავისი გუნდი დააწინაურა.
ლოკომ ანგარიშის გათანაბრება 37-ე წუთზე შეძლო. სამურკასოვის ჩაწოდების შემდეგ, ჰამზიჩის კარში თავით ბიძინა მახარობლიძემ დაარტყა; კარის ხაზზე კი, ბურთს ირაკლი სიხარულიძე ჩაუწვა და ანგარიში გაათანაბრა. ტაიმებს შორის შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.
მეორე ტაიმში, მოვლენები დრამატულად და სწრაფად განვითარდა. 50-ე წუთზე, საჩხერლები წინ მიშიკო სარდალიშვილმა გაიყვანა. ლოკომ მეტოქეზე ზეწოლის გაძლიერება სცადა, თუმცა, დამამთავრებელ ფაზაში თბილისელები არაზუსტად მოქმედებდნენ.
73-ე წუთზე, საჯარიმოს გარეთ ბურთი ხელში აიღო დინო ჰამზიჩმა და პაპუნა მაჭარაძემაც უყოყმანოდ დანიშნა საჯარიმო დარტყმა და გოლკიპერს ყვითელი ბარათიც უჩვენა, თუმცა, ამ ეპიზოდს ის გაწევ-გამოწევა მოჰყვა, რომელიც დასაწყისში ვახსენეთ. გაბრაზებული ჰამზიჩი სტუმარ ფეხბურთელებს დაერია: სახეში გაარტყა სამურკასოვს, ხელის კვრა და მუჯლუგუნები არც სხვების მისამართით დაიშურა, მაგრამ მსაჯს ამაზე რეაქცია არ ჰქონია.
ვერგატანილი პენალტის ეპიზოდის გაგრძელების მსგავსად, ამ ეპიზოდსაც გოლი მოჰყვა შეროზიას კარში. კირკიტაძის დარტყმული საჯარიმო ცოცხალ კედელს მოხვდა; თბილისელები ხელით თამაშზე აპელირებდნენ, თუმცა, მსაჯმა თამაში არ გააჩერა და „ჩიხურა“ კონტრშეტევაზე გაიქცა. დეკანოიძის პასის შემდეგ, ლოკოს კარი მესამედ ირაკლი ლექვთაძემ აიღო.
დარჩენილ დროში, ლევან კორღალიძის ფეხბურთელებმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, საჯარიმო დარტყმიდან თემურ შონიამ გაიტანა.
ჩიხურა 3:2 ლოკომოტივი
ლოკომოტივი: შეროზია, გურეშიძე, ჭანტურია, კომახიძე, უბილავა (C), ძებნიაური (გვალია 63), შონია, სამურკასოვი (ინჯგია 77), მახარობლიძე, დ.კირკიტაძე (შეყილაძე 81)
გოლები: სიხარულიძე (37), შონია (90+3)
გაფრთხილება: შონია