მძიმე ბრძოლაში მოპოვებული 3 ქულა

მძიმე ბრძოლაში მოპოვებული 3 ქულა
09/08/2019

მძიმე ბრძოლაში მოპოვებული 3 ქულა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურის მატჩში, „ლოკომოტივი“ გორში, „დილას“ ეწვია და მასპინძლები მინიმალური ანგარიშით - 1:0 დაამარცხა. გამარჯვებისა და 3 ქულის მომტანი გოლი მატჩის უკანასკნელ წუთზე შეცვლაზე შემოსულმა დავით ჯიქიამ გაიტანა. შესანიშნავი პასით კი, ის შოთა შეყილაძემ მოამარაგა.

 

მატჩი საკმაოდ მძიმე გამოდგა. ორივე გუნდის მხრიდან ბევრი იყო შეცდომა. ფეხბურთელები არც თუ ისე ხშირად ემუქრებოდნენ მეტოქის კარს. პირველი ტაიმიდან დათო კირკიტაძის ახლო მანძილიდან ძლიერად დარტყმული შეიძლება გამოვარჩიოთ, რომელიც ზემოდან გადასცდა ჩოჩიშვილის კარს. ანგარიშის გახსნა შეეძლო ირაკლი სიხარულიძეს, რომელიც კირკიტაძის შესრულებული ჯარიმის შემდეგ, შორეულ კუთხესთან ვარდნაში ბურთს სანტიმეტრებით ასცდა. საპასუხოდ, გორელთა ერთ-ერთი სახიფათო შეტევა გოლით დაგვირგვინდებოდა, რომ არა ნიკა ჭანტურიას თავგანწირული თამაში. ლოკოს ცენტრალურმა მცველმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. აქვე უნდა ითქვას, რომ მატჩი საკმაოდ დამაჯერებლად ჩაატარა ლოკოს კარის დარაჯმა.

 

მეორე ტაიმში, თამაშის სურათი თითქმის არ შეცვლილა. ხშირი იყო წვრილმანი ჯარიმები და პაუზები. რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. ლევან კორღალიძემ შეცვლების განხორციელება 78-ე წუთიდან დაიწყო. გამარჯვების გოლის ავტორი - დავით ჯიქია მოედანზე 84-ე წუთიდან გამოჩნდა. 88-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში საგოლე პასის ავტორი შოთა შეყილაძე. საბოლოოდ, ამ დუეტს 5 წუთიც არ დასჭირდა იმისთვის, რომ თამაშის ბედი გადაეწყვიტა.

 

გოლი საკმაოდ კარგი კომბინაციის შედეგად გავიდა. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ბურთი სამურკასოვმა წამოიღო და საჯარიმოდან ამოწეულ ჯიქიას გადასცა. ლოკოს თავდამსხმელმა ბურთი გოროზიას დაუტოვა და საჯარიმოში შერბენა დაიწყო. გოროზიამ საჯარიმოში მყოფი შეყილაძე მოძებნა, რომელმაც ჩვენს მიერ უკვე არაერთხელ ნაქები პასით კარგ პოზიციაში დატოვა ჯიქია და მანაც ჩოჩიშვილს ახლო კუთხეში გაუტანა.

 

წინა ტურში განცდილი მარცხისშემდეგ, ამ მოგებას ლოკოსთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მომდევნო ტურში, ლოკომოტიველები საკუთარ მოედანზე ჩემპიონატის აუტსაიდერ „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლებენ.

more news