მორიგი სამი ქულა
მორიგი სამი ქულა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურში, "ლოკომოტივმა" ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა. ამჯერად, ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა გორის "დილა" მინიმალური ანგარიშით - 1:0 დაამარცხა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ტურებში "ლოკომოტივი" შესამჩნევად მოტივირებულია, სწრაფ და შეტევაზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობს და ეს უკვე შედეგებზეც აისახება; უკანასკნელ ორ მატჩში მოპოვებული 6 ქულა ამისი ნათელი დასტურია.
გორის "დილასთან" გამარჯვების მომტანი ერთადერთი გოლი, მატჩის 41-ე წუთზე დავით სამურკასოვმა გაიტანა. ახალგაზრდა ნახევარმცველი ბოლო ორ თამაშში, თავისი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიულია.
პირველი ტაიმის ბოლოს, ძლიერი წვიმა წამოვიდა და მეორე ტაიმში, გუნდებს უკვე დამძიმებულ გრუნტზე მოუწიათ გამოსვლა, რაც თამაშის ხარისხსა და სისწრაფეებზე აშკარად აისახა. თუმცა, სანახაობრივ მხარეზე წვიმამ გავლენა ვერ მოახდინა და მატჩის უკანასკნელ წუთამდე მოედანზე უშეღავათო ბრძოლა ვიხილეთ. "დილამ" რამდენჯერმე გასატანად გაიწია და რომ არა "ლოკოს" კარის მცველის - დემეტრე ბულისკერიას კარგი თამაში, არავინ იცის, ტაბლოზე რა ანგარიში დაიწერებოდა.
მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ კი, თბილისელებმა დამსახურებული გამარჯვება იზეიმეს. მე-14 ტურის შემდეგ, "ლოკომოტივმა" 15 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის მე-8 საფეხურზეა. გორის "დილას" კი, 17 ქულა დარჩა და თბილისურ გუნდზე ერთი ადგილით მაღლაა.
მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 23 მაისს, კვლავ მიხეილ მესხის სტადიონზე, "ვიტ ჯორჯიას" წინააღმდეგ გამართავს.
ლოკომოტივი 1:0 დილა
ლოკომოტივი: ბულისკერია, გურეშიძე, ჭანტურია, სამურკასოვი (გვალია 74), შონია, კობახიძე, კომახიძე, სიხარულიძე (ინჯგია 85) (შეყილაძე 90), ძებნიაური, კირკიტაძე, უბილავა (c)
მთ.მწვრთნელი - ლევან კორღალიძე
გოლი: სამურკასოვი (41)