ოთხი ბურთი მერანის კარში - ლოკო ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

ოთხი ბურთი მერანის კარში  - ლოკო ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
02/10/2020

ოთხი ბურთი მერანის კარში - ლოკო ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

ევროტურნირის შემდეგ, ეროვნულ ლიგაში ლოკომოტივმა პირველი მატჩი თბილისის მერანის წინააღმდეგ გამართა და საჭირო 3 ქულაც მოიპოვა.

 

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა, მატჩი სწრაფი გოლით დაიწყო. მე-2 წუთზე, ბექა დარცმელიას გადაცემის შემდეგ, გიორგი იაკობიძემ მეკარეს დაასწრო და პირველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში გამოჩენა გოლით აღნიშნა.

 

მატჩი სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა. განსაკუთრებით აქტიური გაბაძე-კირკიტაძის ფლანგი იყო, საიდანაც ლოკოს შეტევები სწრაფად ვითარდებოდა. 23-ე წუთზე, სწრაფად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, სიხარულიძემ მეორე გოლი გაიტანა, თუმცა, მსაჯმა, რატომღაც თამაშგარე დააფიქსირა, გოლი არ ჩათვალა და ამ ეპიზოდში, აშკარად საკამათო გადაწყვეტილება მიიღო.

 

თუმცა, 8 წუთში, მერანის კარში გოლი მაინც გავიდა. მეკარისა და მცველების ქაოტური თამაშის შემდეგ, გაბისკირიამ ბურთი საკუთარ კარში შეაგდო და ლოკო ორი ბურთით დაწინაურდა.

 

მესამე ბურთი გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა სტანდარტული სიტუაციიდან გაიტანა. ბექა დარცმელიას კუთხურიდან ჩამოწოდებულს, ნიკა სანდოხაძის თავური მოჰყვა - 3:0. გუნდები შესვენებაზე ამ ანგარიშით გავიდნენ.

 

მეორე ტაიმი, ლოკომოტივმა კვლავ გატანილი გოლით დაიწყო. ბურთი ამჯერადაც კუთხურიდან გავიდა და ამჯერადაც ცენტრალურმა მცველმა გაიტანა - სანდრო გურეშიძემ.

 

ამის შემდეგ, ჭიაბრიშვილის ფეხბურთელებს ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდათ, თუმცა, მეტის გატანა ვეღარ შეძლეს. ლოკომოტივი 19 ქულით ცხრილის მე-5 ადგილზე დარჩა და მეოთხე ადგილზე მყოფ დილასთან სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა. უახლოეს მდევარ თელავს კი, ლოკო უკვე 5 ქულით უსწრებს.

 

 

 

მერანი 0:4 ლოკომოტივი (0:3)

 

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გურეშიძე, სანდოხაძე (ანდრონიკაშვილი 52), გაბაძე, უბილავა (C), შონია (გავაშელიშვილი 55), დარცმელია, თ.კირკიტაძე (შეყილაძე 59), იმრან ულად ომარ, სიხარულიძე

 

გოლები: იაკობიძე (2), გაბისკირია (31 სკ), სანდოხაძე (41), გურეშიძე (47)

 

მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი

more news