საგურამოს ეფექტი - ლოკომ ისევ მოიგო

საგურამოს ეფექტი  - ლოკომ ისევ მოიგო
22/05/2021

საგურამოს ეფექტი - ლოკომ ისევ მოიგო

23 მაისს, საგურამოში, ლოკომოტივმა ჩემპიონატის ამჟამინდელ ლიდერს - ბათუმის დინამოს უმასპინძლა. სავსე ტრიბუნა, არაჩვეულებრივი გარემო და ძალიან მაგარი მატჩი, ერთ-ერთი საუკეთესო მიმდინარე ჩემპიონატში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლოკომოტიველებმა მშვენიერი ფეხბურთი ითამაშეს და ზღვისპირელები შინ უქულოდ გაისტუმრეს.

 

როგორც ვთქვით, მატჩი სანახაობრივი და დაძაბული გამოვიდა. მასპინძლები დებიუტშივე მდევრის როლში აღმოჩნდნენ. მე-3 წუთზე, აზაროვის ჩაწოდების შემდეგ, მსაჯმა ხორავამ ჩათვალა, რომ ბურთი კირკიტაძეს ხელზე მოხვდა და თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ლადო მამუჩაშვილმა ზუსტად დაარტყა და ბათუმელები დააწინაურა - 0:1.

 

თითქოს ამას ელოდაო, გაშვებული გოლის შემდეგ, ლოკომოტივი ათამაშდა და მერე როგორ! ჭიაბრიშვილის გუნდი სათამაშო უპირატესობას დაეუფლა და რომ არა ბათუმელთა მეკარე კუპატაძე, თბილისელები პირველ ტაიმს სოლიდური უპირატესობით მოიგებდნენ. ლაზარე კუპატაძემ ჯერ იმრანის საოცარი დარტყმის განეიტრალება შეძლო; შემდეგ, მე-11 წუთზე, ირაკლი სიხარულიძესაც აუღო და მომდევნო სახიფათო შეტევის შემდეგ, დინამო კვლავ მისი თავგანწირული თამაშის წყალობით გადარჩა. ლოკომოტივი დაწოლას აძლიერებდა. 33-ე წუთზე, კუპატაძემ იმრანის დარტყმა კიდევ ერთხელ გააუვნებელყო. თუმცა, 35-ე წუთზე, ბათუმელთა კარში გოლი მაინც გავიდა, ლოგიკური გოლი, რომელიც მთელი ტაიმი მწიფდებოდა. ბექა დარცმელიას ჩაწოდების შემდეგ, მცველებს გამოპარულმა კირკიტაძემ ბურთი თავით მეკარის ბაქანისკენ ჩაატრიალა, სადაც ყველას  გურამ კაშიამ დაასწრო, ანგარიში გაათანაბრა და მიმდინარე სეზონში თავისი მეოთხე გოლიც მიითვალა.

 

მეორე ტაიმი ბათუმელთა შეტევებით დაიწყო და ახლა უკვე, გიორგი მამარდაშვილს მოუწია თავისი ოსტატობის ჩვენება. ლოკომოტივისა და საქართველოს ნაკრების მეკარემ, ორი რთული დარტყმა მოიგერია.

 

ამის შემდეგ, ლოკომოტივი კვლავ გააქტიურდა და მოსაგებად გაიწია. ლაზარე კუპატაძემ კიდევ ერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი, როცა სიხარულიძის ახლო მანძილიდან დარტყმული კუთხურზე მოიგერია. კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს, კვლავ სიხარულიძე დახვდა, თუმცა, მისი სახიფათო თავური კარს ზემოდან გადასცდა.

 

62-ე წუთზე, ირაკლი სიხარულიძემ მაინც გაიტანა. დარცმელიას მშვენიერი ფლანგური ჩაწოდების შემდეგ, ლოკოს ფორვარდმა შორეული კუთხე ეფექტურად ჩაკეტა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა - 2:1.

 

ბათუმელთა მცდელობას, რომ ამ შეხვედრაში ქულა მაინც გადაერჩინათ, შედეგი არ მოჰყოლია. ლოკომ კი, მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვა და 3 ქული გარდა, ფსიქოლოგიური უპირატესობაც მოიპოვა.

 

 

 

ლოკომოტივი 2:1 დინამო ბათუმი (1:1)

 

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, სანდოხაძე, კაშია, გაბაძე, უბილავა (C), შონია, დარცმელია, სამურკასოვი (გავაშელიშვილი 75), კირკიტაძე (იაკობიძე 88), იმრანი (ანდრონიკაშვილი 88), სიხარულიძე (ბუიღლიშვილი 90+5)

 

გოლები: კაშია (35), სიხარულიძე (62)

 

გაფრთხილება: გაბაძე, დარცმელია

 

მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი

more news