წითელი ბარათი, ბევრი უიღბლობა და დაკარგული ქულები

წითელი ბარათი, ბევრი უიღბლობა და დაკარგული ქულები
31/07/2020

წითელი ბარათი, ბევრი უიღბლობა და დაკარგული ქულები

ეროვნული ლიგის მე-8 ტურის მატჩში, „ლოკომოტივმა“ საკუთარ მოედანზე ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და დრამატულ მატჩში ანგარიშით 1:2 დამარცხდა. სტადიონზე დაბრუნებულმა გულშემატკივარმა საინტერესო და უშეღავათო ბრძოლა ნახა. სამწუხაროდ, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ოქროს ქულები კვლავ დაკარგა.

 

„ტორპედოსთან“ შეხვედრაში, ლოკომოტიველთა შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა თბილისელთა ერთადერთ ლეგიონერს - იმრან ულად ომარს. ასევე, პირველად გამოჩნდა სასტარტოში გამოცდილი მცველი - ნიკა სანდოხაძე.

 

მატჩი „ლოკომოტივისთვის“ ცუდად დაიწყო. მე-4 წუთზე, მამარდაშვილის კარში მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ბურთთან გიორგი ფანცულაია მივიდა, თუმცა, ლოკოს კარის მცველმა მისი დარტყმა მოიგერია და ქუთაისელებს დაწინაურების საშუალება არ მისცა.

 

მე-15 წუთიდან, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ბურთზე კონტროლი მოიპოვა და სწრაფად ათამაშდა. განსაკუთრებით აქტიურად, თბილისელთა შემტევი ფლანგები გამოიყურებოდნენ. მასპინძელთა შეტევებს, სტუმრები დროდადრო მწვავედ პასუხობდნენ. თუმცა, რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა.

 

42-ე წუთზე, „ლოკომოტივის“ კაპიტანმა - დავით უბილავამ მეორე გაფრთხილება მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ათი ფეხბურთელით დარჩენილმა გუნდმა კი, გოლი კაპიტნის გაძევებიდან ზუსტად 3 წუთში გაუშვა. ტაიმი იმრანის სახიფათო საჯარიმო დარტყმით დასრულდა, რომელიც ქუთაისელთა კარს მცირედით ასცდა.

 

მეორე ტაიმში, მამია გავაშელიშვილის ნაცვლად, მოედანზე გიორგი გაბაძე გამოჩნდა. „ლოკომოტივმა“ კი, მეორე გოლი 53-ე წუთზე გაუშვა.

 

ანგარიშში სხვაობა ლოკოს დებიუტანტმა ლეგიონერმა - იმრან-ულად ომარმა, 57-ე წუთზე შეამცირა. აქვე გეტყვით, რომ იმრანი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო ჭიაბრიშვილის გუნდში და მწვრთნელს ნდობა აშკარად გაუმართლა. საგოლე პასი კი, ანგარიშზე ვატო არველაძემ ჩაიწერა.

 

„ლოკომოტივს“ თამაშის გადარჩენის შანსი 86-ე წუთზე მიეცა, როცა არბიტრმა სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ბურთთან ირაკლი სიხარულიძე მივიდა, თუმცა, ლოკოს საუკეთესო ბომბარდირმა კარის ძელს გაარტყა.

 

ამ მარცხის შემდეგ, „ლოკომოტივის“ სატურნირო მდგომარეობა კვლავ უცვლელი დარჩა. 9 ქულა და მე-6 ადგილი.

 

 

 

ლოკომოტივი 1:2 ტორპედო (0:1)

 

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გურეშიძე, ანდრონიკაშვილი (ქველაძე 67), სანდოხაძე, უბილავა (C), დარცმელია, შონია, თ.კირკიტაძე (არველაძე 53), იმრან-ულად ომარი, გავაშელიშვილი (გაბაძე 46), სიხარულიძე

 

გოლი: იმრან-ულად ომარი (57)

 

გაფრთხილება: უბილავა, გურეშიძე

 

გაძევება: უბილავა

 

მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი

more news