უგოლო ფრე საბურთალოსთან

უგოლო ფრე საბურთალოსთან
18/07/2020

უგოლო ფრე საბურთალოსთან

ეროვნული ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში, მიხეილ მესხის სტადიონზე „საბურთალომ“ „ლოკომოტივს“ უმასპინძლა. როგორც მთავარი მწვრთნელი, გიორგი ჭიაბრიშვილი პირველად დაუპირისპირდა თავის ყოფილ გუნდს.

 

„ლოკომოტივის“ დაცვის ცენტრში ცვლილება მოხდა. ნიკა ჭანტურიას არყოფნაში, სანდრო გურეშიძეს ალექსანდრე ანდრონიკაშვილი შეუწყვილდა. ჭანტურიამ ტრავმა ვარჯიშზე მიიღო და მცირე ხნით დასვენება მოუწევს.

 

კარში პირველად „ლოკომოტივის“ ფეხბურთელებმა დაარტყეს. მე-10 წუთზე, საჯარიმოში მყოფმა ვატო არველაძემ თითქმის წაქცეულმა დაარტყა და ბურთი ლაზარე კუპატაძეს მიუვიდა. ტაიმის ნახევარი კი, ისე მიილია, კარში არც ერთ გუნდს აღარ დაურტყამს.

 

27-ე წუთზე, თორნიკე კირკიტაძემ მეტოქის მცველს სისწრაფეში აჯობა და საჯარიმოში შეჭრილმა კარში ძლიერად დაარტყა, თუმცა, ბურთი პირდაპირ „საბურთალოს“ მეკარეს გაარტყა.

 

პირველ ტაიმში მეტი საინტერესო არაფერი მომხდარა. მაღალი ტემპერატურის გამო, თამაში დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და გუნდები შესვენებაზე უგოლოდ გავიდნენ.

 

გიორგი ჭიაბრიშვილმა ცვლილებების განხორციელება 56-ე წუთიდან დაიწყო და მოედანზე მამია გავაშელიშვილი შემოუშვა. წინა მატჩში, ლოკომოტიველთა მთავარ მწვრთნელს გავაშელიშვილმა იმედები გაუმართლა და გოლის გატანა შეძლო.

 

საკამათო ეპიზოდი იყო 78-ე წუთზე, როცა მასპინძელთა საჯარიმო დარტყმის შემდეგ, მამარდაშვილმა ბურთი იქვე მოიგერია. დამატებაზე კი, მეკარის გარეშე დარჩენილი კარი მცველებმა დაიცვეს. „საბურთალოს“ ფეხბურთელები გოლის ჩათვლას ითხოვდნენ, თუმცა, მსაჯმა სხვაგვარად გადაწყვიტა.

 

89-ე წუთზე, „ლოკომოტივი“ მოედანზე უმცირესობაში დარჩა. მსაჯმა უხეშობისთვის გურეშიძეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედანი დაატოვებინა. თამაში ვეღარ გააგრძელა ვერც გიორგი კოხრეიძემ, რომელიც ამ ეპიზოდში დაშავდა.

 

საბოლოოდ, 0:0 და 6 ტურის შემდეგ, „ლოკომოტივს“ 8 ქულა აქვს.

 

 

 

საბურთალო 0:0 ლოკომოტივი (0:0)

 

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გურეშიძე, ანდრონიკაშვილი, გაბაძე, უბილავა (C), დარცმელია, შონია, სამურკასოვი (შეყილაძე 65), თ.კირკიტაძე (ძებნიაური 79), არველაძე (გავაშელიშვილი 56), სიხარულიძე

 

გაფრთხილება: თ.კირკიტაძე, გურეშიძე, ძებნიაური

 

გაძევება: გურეშიძე

 

მთ.მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი

more news