ლოკომოტივმა სიონს შინ ქულა გაატანა

ლოკომოტივმა სიონს შინ ქულა გაატანა
30/08/2019

ლოკომოტივმა სიონს შინ ქულა გაატანა

„ლოკომოტივმა“ კვლავ ვერ მოიგო. ამჯერად, ლევან კორღალიძის გუნდმა საშინაო არენაზე ბოლნისის „სიონის“ დამარცხება ვერ შეძლო. არადა, თბილისელებმა იმდენი საგოლე მომენტი შექმნეს, ორ თამაშსაც ეყოფოდა, თუმცა, რეალიზება ვერა და ვერ მოახერხეს.

 

მატჩის დასაწყისიდანვე, ბურთს „ლოკომოტივი“ ფლობდა, მაგრამ კარისკენ პირველი სახიფათო დარტყმა ბოლნისელებმა განახორციელეს. ამის შემდეგ, ბიძინა მახარობლიძემ მოსინჯა ბოლნისელთა მეკარის მზადყოფნა, თუმცა, კარს ააცილა. მერე, ლოკომოტიველებმა მეტოქის კართან მცირე შტურმი მოაწყვეს. ჯერ კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთს თავით ურტყამდა მახარობლიძე, რომელიც ისიანმა კარის ხაზზე მოიგერია. ამას მეორე კუთხური მოჰყვა და კვლავ მახარობლიძე ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ ამჯერად, „სიონის“ მეკარე ბურთს დაეუფლა.

 

თბილისელთა შეტევები სულ უფრო მწვავდებოდა. მშვენიერი კონტრშეტევის შემდეგ, კირკიტაძემ საჯარიმოში მარტო მყოფი სიხარულიძე მოძებნა; ლოკოს ფორვარდმა კი, ბურთი კარს ზემოდან გადააცილა.

 

სიხარულიძეს მეორე ტაიმის დასაწყისშიც ჰქონდა ორი საოცარი მომენტი, თუმცა, ვერც ერთის გამოყენება ვერ შეძლო. ამას მოჰყვა მახარობლიძისა და ძებნიაურის სახიფათო და არაზუსტი დარტყმები, ნიკა ჭანტურიას სასწაულებრივად აცილებული ახლოდან დარტყმა და ამ დროს ფეხბურთის დაუწერელი კანონიც ამოქმედდა. ამდენი გაფუჭებული და არარეალიზებული მომენტის შემდეგ, მეორე ტაიმში მეტოქის ნახევარზე ლამის პირველად გადმოსულმა ბოლნისელებმა ანგარიშის გახსნა შეძლეს.

 

გაშვებული გოლის შემდეგ, ლოკომ გასათანაბრებლად გაიწია. ლევან კორღალიძის გუნდმა ეს 86-ე წუთზე შეძლო. დავით ჯიქიას წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმა სამურკასოვმა შეასრულა. საჯარიმოში შექმნილი არეულობით თემურ შონიამ ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. მატჩის დამატებულ წუთებზე „ლოკომოტივი“ უკანმოუხედავად უტევდა, თუმცა, მატჩის მოსაგებად თბილისურ კლუბს დრო აღარ ეყო.

 

ლოკომოტივი 1:1 სიონი

 

ლოკომოტივი: ბულისკერია, გურეშიძე, ჭანტურია, უბილავა (C), კომახიძე, ძებნიაური, შონია, სამურკასოვი, კირკიტაძე (ინჯგია 80), მახარობლიძე (შეყილაძე 64), სიხარულიძე (ჯიქია 77)

 

გოლი: შონია (86)

more news