მეორე ტური - მორიგი 3 ქულა

მეორე ტური - მორიგი 3 ქულა
07/03/2020

მეორე ტური - მორიგი 3 ქულა

ეროვნული ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში, „ლოკომოტივმა“ საჩხერის „ჩიხურას“ წინააღმდეგ ითამაშა, მეტოქე 3:1 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ 3 ქულა მოიპოვა.

 

მატჩი საჩხერლების მცირე უპირატესობით დაიწყო და ბურთს, ძირითადად, შეხვედრის ნომინალური მასპინძლები აკონტროლებდნენ. კარის მიმართულებითაც, პირველად, სწორედ, მათ დაარტყეს.

 

„ლოკომოტივმა“ თამაში, მეტნაკლებად, მე-15 წუთის შემდეგ დაალაგა და პირველი კუთხურის ჩაწოდების უფლებაც მოიპოვა, რომელიც საკმაოდ სახიფათო მომენტითაც დასრულდა, როცა კარისკენ ნიკა ჭანტურია ურტყამდა.

 

ამის შემდეგ იყო დარცმელიას მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა. ლოკოს „ექვსიანმა“ ბურთი ჰამზიჩის საჯარიმოში ჩაატრიალა; სიხარულიძის თავური დარტყმა კი, ხარიხას მოხვდა.

 

30-ე წუთზე კი, „ლოკომოტივის“ კარში გოლი გავიდა. დათო კირკიტაძისა და კახა კახაბრიშვილის ორთაბრძოლისას, მსაჯმა წესების დარღვევა დააფიქსირა და შეროზიას კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც გოლად გიორგი კორიფაძემ აქცია.

 

ლოკომ ანგარიშის გათანაბრება გაშვებული გოლიდან 6 წუთში შეძლო. სწრაფი შეტევა დავით უბილავამ მეტოქის საჯარიმოში ჭკვიანური ჩაწოდებით გააგრძელა; იქ კი, უმეთვალყურეოდ დატოვებულ სიხარულიძეს ძლიერი თავური დარტყმით გატანა არ გასჭირვებია. ტაიმი ფრედ - 1:1 დასრულდა.

 

მეორე ტაიმში, მოედანზე გამოცოცხლებული და მოტივირებული „ლოკომოტივი“ გამოვიდა. საწყისი წუთებიდანვე, უპირატესობა ლევან კორღალიძის ფეხბურთელებმა მოიპოვეს. შესანიშნავი შანსი ჰქონდა შოთა შეყილაძეს, თუმცა, ლოკოს ახალგაზრდა შემტევს გადამწყვეტი დარტყმა აღარ გამოუვიდა.

 

53-ე წუთზე კი, თბილისელთა საუკეთესო მეგოლემ ლოკო წინ გაიყვანა. საკუთარი გამომუშავებული პენალტი სიხარულიძემ თავად შეასრულა და ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო დუბლის შესრულება.

 

მატჩის მიწურულს, 74-ე წუთზე, ჰამზიჩის კარში კიდევ ერთი გოლი გავიდა. თუმცა, ამჯერად, თბილისელებს საჩხერელთა მცველი - გოდერძი მაჩაიძე „დაეხმარა“ და რეზი ინჯგიას აქტიური თამაშისა და მწვავე ჩაწოდების შემდეგ, ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

 

„ლოკომოტივმა“ ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და ორივე ერთნაირი ანგარიშით. ლევან კორღალიძის გუნდი ლიდერის პოზიციებს ინარჩუნებს. ირაკლი სიხარულიძე კი, საუკეთესო მეგოლეთა შორის პირველია.

 

 

ჩიხურა 1:3 ლოკომოტივი

 

ლოკომოტივი: შეროზია, კაპანაძე, გურეშიძე, ჭანტურია, უბილავა (C), დარცმელია, შონია, სამურკასოვი (ძებნიაური 66), დ.კირკიტაძე (ჯინჯოლავა 86), შეყილაძე (ინჯგია 73), სიხარულიძე

 

გოლები: სიხარულიძე (36, 53 პენ), მაჩაიძე (74 სკ)

 

მთ.მწვრთნელი - ლევან კორღალიძე

more news