"ძლიერები არ ძალადობენ" - ლოკომოტივი სოციალურ კამპანიას შეუერთდა
"ძლიერები არ ძალადობენ" - ლოკომოტივი სოციალურ კამპანიას შეუერთდა
თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელები სოციალური კამპანიის ''ძლიერები არ ძალადობენ'' კეთილი ნების ელჩ გურამ კაშიასთან ერთად, ბრიტანულ-ქართულ აკადემიას ესტუმრნენ.
სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ლოკომოტივის ვიცე-კაპიტნებმა, გურამ კაშიამ და ნიკა ჭანტურიამ ბულინგის მნიშვნელობასა და სკოლებში, აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის გზებზე ისაუბრეს.
კაშიამ და ჭანტურიამ, მოზარდებთან საუბრისას, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას, ასევე თანატოლებთან ურთიერთობაში დისკრიმინაციისა და ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.
ნიკა ჭანტურიასთან ერთად, ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში ლოკოს კიდევ ხუთი წევრი, გუნდის კაპიტანი დავით უბილავა, რევაზ თევდორაძე, თეიმურაზ შონია, მამია გავაშელიშვილი და ოლურემი ჯონი იმყოფებოდა.
ფეხბურთელებთან ერთად, შეხევდრას ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორი ზურაბ სამარღანიშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე დაესწრო.
დისკუსიის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელებმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად ფეხბურთი ითამაშეს. მატჩი ამხანაგური ანგარიშით, 4-4 დასრულდა. თამაშის შემდეგ, მოსწავლეებმა გურამ კაშიასთან და ლოკოს ფეხბურთელებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.