ლოკომოტივმა სიონი რევაზ ინჯგიას სადებიუტო გოლით დაამარცხა

ლოკომოტივმა სიონი რევაზ ინჯგიას სადებიუტო გოლით დაამარცხა
25/11/2018

ლოკომოტივმა სიონი რევაზ ინჯგიას სადებიუტო გოლით დაამარცხა

ეროვნული ლიგის 33-ე ტურში, თბილისის ლოკომოტივმა ბოლნისის სიონი დაამარცხა. 25 ნოემბერს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გამართული მატჩი, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა 2-1 მოიგო.

მატჩის დაწყებამდე, ლოკოს მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება განახორციელა. თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მოთელვაზე ნიკა ჭანტურიამ კუნთის ტრავმა მიიღო. სასტარტო შემადგენლობაში მისი ადგილი ლაშა გვალიამ დაიკავა, ცენტრალური მცველის პოზიციაზე კი თეიმურაზ შონიამ ითამაშა.

პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. ტერიტორიულ უპირატესობას ლოკომოტივი ფლობდა, თუმცა რეალური საგოლე მომენტი არცერთ გუნდს არ შეუქმნია.

მეორე ნახევარი ლოკომ აქტიურად დაიწყო და 58-ე წუთზე ანგარიში გახსნა. სიონის კარი მამია გავაშელიშვილმა აიღო და მიმდინარე ეროვნულ ლიგაში მე-10 გოლი გაიტანა. საგოლე გადაცემა ოთარ კობახიძის ანგარიშზეა.

გოლის შემდეგ, სიონმა ანგარიშის გათანაბრება რამდენიმე ეპიზოდში სცადა. ზვიად სიხარულიას შორეული დარტყმა რევაზ თევდორაძემ კუთხურზე მოიგერია, ჯაბა უგულავას დარტყმას კი ლევან ქურდაძე გადაეფარა.

ფლანგების გასააქტიურებლად, ლაშა ჭაღიაშვილმა ორი ცვლილება განახორციელა. რატი არდაზიშვილის ნაცვლად თამაშში ოლურემი ჯონი ჩაერთო, რევაზ ინჯგიამ კი ოთარ კობახიძე შეცვალა.

მატჩის ბედი სწორედ ინჯგიამ გადაწყვიტა. ლოკოს 17 წლის შემტევმა მე-80 წუთზე სიონს ულამაზესი გოლი გაუტანა. ინჯგიასთვის, ბოლნისელებთან გატანილი გოლი, ეროვნულ ლიგაში, სადებიუტოა.

ექვს წუთში მასპინძლებმა ერთი ბურთი გაქვითეს. საჯარიმოში შექმნილი არეულობით ბიძინა მახარობლიზემ ისარგებლა და ახლო მანძილიდან გაიტანა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ჭაღიაშვილმა მესამე ცვლილებაც გამოიყენა. მამია გავაშელიშვილი დავით ჯიქიამ შეცვალა.

33 ტურის შემდეგ, ლოკომოტივს 38 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 30 ნოემბერს, კოლხეთი 1913-ის წინააღმდეგ გამართავს.

ლოკომოტივი: თევდროაძე, უბილავა (კაპ), ქურდაძე, შონია, გაბაძე, გვალია, სამურკასოვი, კობახიძე (ინჯგია 73), არდაზიშვილი (ოლურემი ჯონი 70), დავითაშვილი, გავაშელიშვილი (ჯიქია 90)

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

გაფრთხილება: სამურკასოვი (14), გვალია (45+1)

არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი

more news