ლოკომოტივმა წყალტუბოდან 3 ქულა წამოიღო

ლოკომოტივმა წყალტუბოდან 3 ქულა წამოიღო
01/07/2019

ლოკომოტივმა წყალტუბოდან 3 ქულა წამოიღო

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში თავისი მე-9 წაუგებელი მატჩი თბილისის „ლოკომოტივმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ წინააღმდეგ, წყალტუბოში ითამაშა.

 

21-ე ტური ლევან კორღალიძის გუნდისთვის კვლავ წარმატებული აღმოჩნდა. თბილისელებმა ქუთაისელებთან ქულათა შორის სხვაობა ორამდე შეამცირეს. ტრავმიანობით გამოწვეული დანაკლისი ლევან კორღალიძემ ახალგაზრდა ფეხბურთელებით შეავსო. თბილისელთა 7 სათადარიგო ფეხბურთელიდან,  4 „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა გუნდიდან იყო. მათგან, მთავარი გუნდის განაცხადში პირველად მოხვდა გიორგი ლომთაძე.

 

პირველი ტაიმის საწყის 30 წუთში რეალური სახიფათო მომენტები არ ყოფილა. 35-ე წუთზე კი, „ლოკომოტივი“ გაშვებული გოლისგან ძელმა იხსნა. თბილისელებმა ბურთი ცენტრში დაკარგეს, რასაც მასპინძელთა სწრაფი კონტრშეტევა მოჰყვა. ბუდუ ზივზივაძის დარტყმული ჯერ მარჯვენა ძელს მოხვდა, შემდეგ - მარცხენას და მერე, ძელიდან ასხლეტილ ბურთს დემეტრე ბულისკერია დაეუფლა.

 

ლოკომ სახიფათო მომენტს ხიფათითვე უპასუხა: უბილავას ფლანგიდან ჩაწოდებულს ვარდნაში ფეხი გოროზიამ დაახვედრა, თუმცა, ბურთი კარს მცირე მანძილით ასცდა.

 

ლევან კორღალიძეს იძულებითი ცვლილების გაკეთება პირველი ტაიმის დასასრულს მოუწია. მეტოქესთან შეჯახებისას მუხლი იტკინა დავით ჯიქიამ და შესაცვლელი გახდა. მის ნაცვლად, მოედანზე შოთა შეყილაძე შემოვიდა.

 

მეორე ტაიმში თამაშის სურათი მკვეთრად არ შეცვლილა. სტუმრები ბურთს აკონტროლებდნენ და პოზიციური შეტევებით ცდილობდნენ ქუთაისელთა კართან ხიფათის შექმნას. თუმცა, ბულისკერიას ზივზივაძის შორეული, ძლიერი დარტყმის მოგერიება კვლავ მოუწია.

 

პირველი გოლი მატჩის 71-ე წუთზე გავიდა. ლაშა გვალიამ ბურთი საჯარიმოში შეჭრილ სიხარულიძეს შეაყოლა; ლოკოს მე-20 ნომერმა მახვილი კუთხიდან, ვარდნაში დაარტყა; ქვილითაიამ ბურთი ფეხით მოიგერია, რომელიც იქვე, საჯარიმოში მყოფ გოროზიას მიუვიდა. მან ერთი შეხებით კვლავ გვალია მოძებნა, რომელმაც ახლო მანძილიდან ძლიერად დაარტყა - 1:0.

 

გოლიდან 8 წუთში, საგოლე პასის ავტორი შეცვალეს და მის ნაცვლად, მოედანზე ლუკა ჯაფარიძე გამოჩნდა. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ეს ეროვნულ ლიგაში სადებიუტო მატჩი იყო. ჯაფარიძე თამაშში აქტიურად ჩაერთო და გოლის გატანის რეალური მომენტიც ჰქონდა.

 

ლოკომოტიველებმა შეხვედრაში წერტილი 86-ე წუთზე დასვეს. ქუთაისელთა მეკარემ ბურთი საკუთარი მცველების ნაცვლად ირაკლი სიხარულიძეს ჩააბარა და კარდაკარგულ ქვილითაიას ლოკოს საუკეთესო ბომბარდირმა შორი მანძილიდან გაუტანა მიმდინარე სეზონში თავისი მე-10 გოლი.

 

ასე რომ, „ლოკომოტივი“ ზაფხულის შესვენებაზე 9 წაუგებელი მატჩით გავიდა. აგვისტოდან, თბილისელები ოთხეულში მოსახვედრად აქტიურად იბრძოლებენ.

 

ტორპედო 0:2 ლოკომოტივი

 

ლოკომოტივი: ბულისკერია, გურეშიძე, ჭანტურია, კომახიძე, უბილავა (C), შონია, ძებნიაური, ჯიქია (შეყილაძე 45), გვალია (ანდრონიკაშვილი 89), გოროზია (ჯაფარიძე 79), სიხარულიძე

 

გოლები: გვალია (71), სიხარულიძე (86)

 

მთ.მწვრთნელი - ლევან კორღალიძე

more news