ნიკა ჭანტურია: მოტივაციის ნაკლებობას არც პირველ თამაშში ვუჩიოდით და არც ახლა
ნიკა ჭანტურია: მოტივაციის ნაკლებობას არც პირველ თამაშში ვუჩიოდით და არც ახლა
ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა. თბილისის ლოკომოტივის მეტოქე მოსკოვის დინამო იქნება და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ერთრაუნდიან დაპირისპირებას თბილისში, საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს.
ლოკომოტივის ვიცე-კაპიტანმა - ნიკა ჭანტურიამ წილისყრის შედეგები კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან შეაფასა:
ნიკა ჭანტურია: „მოტივაციის ნაკლებობას არც პირველ თამაშში ვუჩიოდით და არც ახლა. კრაიოვასთან მოგებამ საკუთარი თავის რწმენა შეგვმატა და იმედი მაქვს, ეს გუნდზე მხოლოდ დადებითად აისახება.
მეორე ეტაპის წილისყრაზე, სამი სავარაუდო ძლიერი მეტოქე გვყავდა. რუსულ გუნდთან დაპირისპირებას ყველა მოუთმენლად ელის. ძალიან კარგია, რომ სახლში ვითამაშებთ. მიუხედავად იმისა, რომ უეფას რეგულაციების თანახმად, მაყურებელი სტადიონზე არ დაიშვება, მათი მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს. დანარჩენი, მოედანზე, ჩვენი, ფეხბურთელების გასაკეთებელია. მთელი სერიოზულობითა და მონდომებით მოვემზადებით, ისევე, როგორც წინა შემთხვევაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კარგი თამაშითა და დადებითი შედეგით ქართველი ხალხი კვლავ გავახაროთ.“