ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა მე-6 ადგილზე დაასრულა

ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა მე-6 ადგილზე დაასრულა
26/11/2017

ლოკომოტივმა ეროვნული ლიგა მე-6 ადგილზე დაასრულა

ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურში, თბილისის ლოკომოტივი საჩხერის ჩიხურასთან დამარცხდა. 26 ნოემბერს, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართული დაპირისპირება, მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს.

მატჩის დაწყებამდე, ლოკომოტივის სპორტულმა დირექტორმა თამაზ ბოკერიამ გიორგი გაბაძეს სიმბოლური, 100 ნომრიანი მაისური გადასცა. 22 წლის მცველმა, გასულ ტურში, სამტრედიას წინააღმდეგ, ჩვენი კლუბის მაისურით მე-100 მატჩი ჩაატარა.

ჩიხურასა და ლოკომოტივის დაპირისპირება წუთიერი დუმილით დაიწყო. 24 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გუნდებმა, დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი.

გიორგი დევდარიანმა, საკადრო პრობლემების გამო ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა. სადებიუტო მატჩი ჩაატარა დავით კიკალიშვილმა, რომელმაც ტრავმირებული გიორგი გაბაძე შეცვალა. კიკალიშვილი ამპლუით მარჯვენა მცველია და იგი ლოკომოტივის აკადემიის 19 წლამდე გუნდის წევრია.

პირველმა ნახევარმა დაბალ ტემპში ჩაიარა, გუნდებმა რეალური საგოლე მომენტი ვერ შექმნეს.

მეორე ნახევარი, დევდარიანმა ცვლილებით დაიწყო. ლოკომოტივის კიდევ ერთმა დებიუტანტმა, გიორგი წულეისკირმა გიორგი გოროზია შეცვალა. კიკალიშვილის მსგავსად, წულეისკირის ლოკოს აკადემიის ფეხბურთელია. იგი ლოკომოტივი 2-ისა და 19 წლამდე გუნდის შემადგენლობაში თამაშობს.

48-ე წუთზე ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. რევაზ თევდორაძის კარი მიხეილ სარდალიშვილმა აიღო.

65-ე წუთზე გიორგი წულეისკირის პასით, ანგარიშის გათანაბრება ვატო არველაძეს შეეძლო. თუმცა ლოკოს ფორვარდს დარტყმა არ გამოუვიდა.

77-ე წუთზე, ნოდარ ქავთარაძე საჯარიმო დარტყმით ცდილობდა გატანას, მაგრამ მას მასპინძელთა მეკარე დინო ჰამზიჩმა აჯობა.

დებიუტანტ გიორგი წულეისკირს 84-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, ჰამზიჩმა ამჯერადაც ზუსტად ითამაშა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ეროვნული ლიგის 36 ტურში, ლოკომოტივმა 53 ქულა მოაგროვა და ჩემპიონატი მე-6 პოზიციაზე დაასრულა.

ლოკომოტივი: თევდორძე, კიკალიშვილი, კობახიძე, რეხვიაშვილი, უბილავა (კაპ), სამურკასოვი (გვალია 69), ანდრონიკაშვილი, გოროზია (წულეისკირი 46), ქავთარაძე, კიკაბიძე (ვარძელაშვილი 59), არველაძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

გაფრთხილება: კიკალიშვილი (50), კობახიძე (54)

არბიტრი: გიორგი ავაზაშვილი

more news